„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის

„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით მოხდება დაფიქსირებული ახალი სტრუქტურების კრიმინალიზირება და დაემატება ახალი ტერმინები, როგორიცაა „სინთეზური ჰიბრიდული“ კანაბინოიდები.
ცვლილება „ანალოგის“ ტერმინის შემოღებას და მის ქიმიური სტრუქტურის დონეზე განმარტებასაც ითვალისწინებს.
კანონპროექტი პირველი მოსმენით დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
“მე შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1 ივნისს ამოქმედდა საქართველოს კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, პარალელურად შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელიც მუდმივად ახორციელებდა ქვეყანაში ამ კუთხით არსებული ვითარების მონიტორინგს და ამ ფონზე გამოიკვეთა, რომ დღეს უკვე კრიმინალიზებული ნივთიერებების გარდა დაფიქსირდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც სტრუქტურით განსხვავდება იმ კრიმინალიზებულ ნაერთთა კლასებისგან, მაგრამ თავისი მოქმედებით მსგავსია, მას აქვს ნარკოტიკული თრობის ეფექტი და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს, რომ მაქსიმალურად იქნეს მოცული, ასეთი ნივთიერებები იყოს კრიმინალიზებული და არ მოხდეს მათი რეკლამირება-გავრცელება“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.
მომხსენებლის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორის, სოფიო კილაძის განცხადებით, 1ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონმა, ძალაში შესვლის შემდეგ, დადებითი შედეგი უკვე მოიტანა.
„ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონს შთამბეჭდავი ეფექტი ჰქონდა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, ე.წ. ბიო ნარკოტიკების მოხმარების კუთხით, დაახლოებით, 90 %-ზე მეტი კლება გვაქვს საქართველოში და ეს შედეგი აღინიშნა ბრიუსელშიც, მიმდინარე წლის 29 აპრილს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, სადაც დააფიქსირეს, რომ საუკეთესო შედეგი გვაქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
მისივე ინფორმაციით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მუშაობის პროცესში კონკრეტული პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება მოხდა, მათ შორის, გამოიკვეთა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა რამდენიმე ისეთი ნივთიერება, რომელიც თავისი ქიმიური სტრუქტურით კანონით კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს არ შეესაბამება, თუმცა „კაიმანისა“ და „SWG-DRUG“-ის (ოფიციალურ) ბაზებში განთავსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ისინი ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენს.
სოფიო კილაძის განცხადებით, ეს ნივთიერებები და მათი სტრუქტურული ანალოგები, აგრეთვე, დაფიქსირებულია არაოფიციალურ საიტებზე, რომელთა მეშვეობით ე.წ. ბიო ნარკოტიკის“ რეკლამირება-გაყიდვა ხორციელდება. აღნიშნული ნივთიერებების სტრუქტურების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცია: გარკვეული პირები კანონით კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასის სტრუქტურებში ახორციელებენ ისეთი სახის ცვლილებას, რომელიც შემდგომში არ ცვლის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისათვის დამახასიათებელ ნარკოტიკულ თვისებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო კომისიის მიზანია, იმოქმედოს წინსწრებით და პრევენციულად ხელი შეუშალოს ისეთი ნივთიერებების გავრცელებას საქართველოში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ზემოთ აღნიშნული ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო.
დეპუტატებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, დავით ლომინაშვილმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებს პირველი მოსმენით განხილვისთვის კანონპროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარუდგინა. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი მოდულების, როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციურად დამოუკიდებელი კომპონენტების დამოუკიდებლად დამტკიცების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
მოქმედი კანონმდებლობით, პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის დასრულების შემდეგ ხდება, წარმოდგენილი ცვლილებით კი, პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება შესაძლებელი გახდება კონკრეტული მოდულის სწავლის შედეგის მიღწევის შემდეგაც, რაც პროფესიული განათლების სისტემის მეტ ეფექტიანობას უზრუნველყოფს.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს. დღესვე დეპუტატებმა სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს, რომელიც „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. როგორც მომხსენებელმა, ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ გამგეობის წევრმა, ლევან ჩიტაძემ განმარტა, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, „საქართველოს შრომის კოდექსს“ სტაჟიორის და სამუშაო გამოცდილების განმარტებები ემატება. კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებულ სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა, შესაძლოა, ითვალისწინებდეს სამუშაოს შესრულებას ანაზღაურებით, ანაზღაურების გარეშე ან საფასურის გადახდით. სტაჟირების ხელშეკრულება 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ავტორებთან შეთანხმებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო წინადადების დახვეწაზე იმუშავებს. დღესვე მესამე მოსმენით იმსჯელეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებულ კანონპროექტებზე „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “აივ ინფექცია/შიდსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავების მიზანია 14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პაციენტის აივ დიაგნოსტიკისათვის ბარიერის მოხსნა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს აივ გვიან გამოვლენას; ახალი რეგულაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია აივ ინფექციის, როგორც პროფილაქტიკის, აგრეთვე გავრცელების აღკვეთის მიზნით. გამოკვლევის შედეგის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლისათვის შეტყობინების წესს მინისტრი განსაზღვრავს. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით,მეორე მოსმენის შემდეგ, შენიშვნები არ გამოთქმულა. კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები