წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა

3 მაისს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და წინანდლის სახლ-მუზეუმმა ერთობლივი გამოფენა – „ფიროსმანი წინანდალში“ გახსნა. გამოფენაზე ექსპონირებულია მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცული ფიროსმანის 13 ნამუშევარი, პაბლო პიკასოს „ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი“ და ფიროსმანის სხვადასხვა პერიოდის საგამოფენო აფიშები.
შეგახსნებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროგრამა „მუზეუმების კოლექციიდან“ 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პროექტია ფიროსმანის მირზაანის კოლექციის პრეზენტაცია, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მხოლოდ მირზაანის სახლ-მუზეუმის სტუმრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მარტში ფიროსმანი თბილისის ხელოვნების სასახლეში იყო წარმოდგენილი. აპრილში ექსპოზიცია ქუთაისში გამოიფინა. 3-დან 31 მაისამდე გამოფენა წინანდლის ისტორიული კომპლექსის სტუმარი იქნება, ხოლო მოგვიანებით მას ბათუმის სახელმწიფო მუზეუმი უმასპინძლებს. წინანდლის საგაზაფხულო სეზონის გახსნაზე საფრანგეთის სიმებიანმა კვარტეტმა „არპეჯიონე“, იზაბელ ფლორის – (I ვიოლინო) ნიკოლა რისლერის (II ვიოლინო), არჩილ ხარაძის (ალტი) და ალექსანდრე ჩიჯავაძის (ჩელო) შემადგენლობით ფრანც შუბერტის, გია ყანჩელის და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები შეასრულა. სიმებიანი კვარტეტი 1988 წელს დაარსდა და გამოჩენისთანავე მიიპყრო მუსიკალური სამყაროს ყურადღება. 1989-1993 წლებში „არპეჯიონე“ იყო პარიზში სორბონის ორკესტრის რეზიდენტი, მართავდა კონცერტებს რიშელიეს ამფითეატრში, შანზ ელიზეს თეატრის, შატლეს, ბასტილიის ოპერის, დორსეს მუზეუმის, კარუსელ დე ლუვრის და სალ გავოს სცენებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები