თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი პრემიერთან 24-საათიან რეჟიმში მუშაობაზე შეთანხმდნენ

დღეს იყო პრემიერთან პირველი შეხვედრა და შევთანხმდით, 24- საათიან რეჟიმში მუშაობაზე 7 დღის განმავლობაში – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა თინათინ ხიდაშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან აუდიენციის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, თავის უწყებაში საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება. იგი თავდაცვის სამინისტროში ყოფილ მინისტრთან, მინდია ჯანელიძესთან ერთად მივა.
“დღეს იყო პრემიერთან პირველი შეხვედრა და შევთანხმდით, 24/7 სამუშაო რეჟიმზე – ანუ 24-საათიან რეჟიმში მუშაობაზე 7 დღის განმავლობაში. ასევე შევთანხმდით მუდმივ კონტაქტზე, მუდმივ კონსულტაციასა და ერთობლივ საქმიანობაზე. გავიარეთ რამდენიმე ის ღონისძიება, რომელიც სასწრაფოდ იყო გასავლელი. ამის მერე კი პირველი რიგის ამოცანაა სამინისტროში მისვლა, რაც დაგეგმილია ორშაბათს, 10.00 საათზე, თავდაცვის სამინისტროში მე და ბატონი მინდია ჯანელიძე ერთად მივალთ და ის ოფიციალურად გადმომაბარებს სამუშაო ოთახს და სამუშაო რეჟიმს”, – განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, მისი თქმით, იგი გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ორშაბათს, ყოფილ მინისტრთან ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად გაეცნობა.
“მეც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პრემიერთან შეხვედრაზე შევთანხმდით 24/7 სამუშაო რეჟიმზე. რაც შეეხება სამინისტროში მისვლას, მეც ყოფილ მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად ვაპირებ, რომ კოლექტივს ორშაბათს გავეცნო და ამის შემდგომ დავიწყო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა”, – აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი დღესვე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე წარდგენილ ტარიელ ხეჩიკაშვილსაც შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები