რევაზ სოხაძე რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რუსთავში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან პროექტებს ანხორციელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამინისტროს თანამშრომლებთან, ქალაქის მერთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

უახლოეს მომავალში დასრულდება, 830 მოსწავლეზე გათვლილი, რუსთავის №21 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. ასევე, წლის ბოლომდე იგეგმება რუსთავის №6 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება.

სკოლებში ეწყობა საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, საპირფარეშოები, განახლდება ეზოს ტერიტორია და დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის ახალი სისტემები. ორივე სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქში შენდება ორი ახალი საბავშვო ბაღი, რომელთა დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. ახალი ბაღების შენობებში მოეწყობა საძინებლები, სათამაშო და ადმინისტრაციული ოთახები, ასევე ლიფტები და საევაკუაციო კიბეები. ეზოში გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონები და სათამაშო მოედნები. ორივე ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.

გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 200 აღსაზრდელზე გათვლილ №23 და 450 აღსაზრდელზე გათვლილ №31 საბავშვო ბაღებში. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაწყებულია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

მინისტრმა, ასევე დაათვალიერა რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტები.

სრული რეაბილიტაცია უტარდება რუსთავი–გარდაბანი–ვახტანგისის საავტომობილო გზის, მჭიდროდ დასახლებულ უბნებზე გამავალ, ორ მონაკვეთს (8.6 კმ და 10 კმ), რომლის არსებული დაზიანებული საფარი მოქალაქეებისთვის გადაადგილებას ართულებდა. ასევე, მიმდინარეობს რუსთავი–ჯანდარა, საავტომობილო გზის 8.5 კმ-იანი დაზიანებული მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოებისთვის, ჯამურად, გათვალისწინებულია 38.5 მილიონი ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები