შალვა პაპუაშვილი: მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის

“დონორების მხრიდან ფულის ხარჯვის შედეგებზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ფონზე, ერთადერთ გზად დარჩა ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია. 2023 წლის გაზაფხულიდან პარლამენტმა დაიწყო საკანონმდებლო პროცესი, რომლის მიზანიც ქართული პოლიტიკის ჩრდილოვანი დაფინანსების გასაჯაროებაა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.

,,არ შეიძლება რომელიმე სახელმწიფო მილიონობით დოლარის ხარჯვით გავლენას ახდენდეს უცხო საზოგადოების ცხოვრებაზე და უმალავდეს ამ საზოგადოებას თუ რას და რისთვის ხარჯავს. სხვა სახელმწიფოს მიმართ ამგვარი მეურვეობითი დამოკიდებულება, „მესამე სამყაროს“ და „ბანანის რესპუბლიკის“ კატეგორიებით აზროვნება მე-20 საუკუნეს ჩაბარდა.

გამჭვირვალობის შესახებ კანონმა და მის გარშემო აგორებულმა მოვლენებმა ლაკმუსის ქაღალდის როლი შეასრულა. 2023 წელს რევოლუციური მოძრაობის ესტაფეტა პირდაპირ უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დონორებმა ჩაიბარეს და წინა პლანზე გადმოინაცვლეს. სწორედ ამიტომ შეარქვა ერთ-ერთმა ელჩმა, პირველმა, „გამჭვირვალობის ქართულ კანონს“ რუსული, სწორედ ამიტომ შეგვირაცხეს გმირად ადამიანი, რომელმაც სხვა ადამიანის „მოლოტოვის კოქტეილით“ დაწვა სცადა, სწორედ ამიტომ დაარქვეს ქვის სროლას მშვიდობა, ხოლო ქვის მსროლელის დაკავებას – ომი. მაგრამ, როგორც „მოლოტოვის კოქტეილია“ უცხო და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ისევე უცხო და მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ბედის უცხო კურატორებისთვის გადაბარება. ჩვენ პროცესი შევანელეთ და ამიტომ რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა. 2023 წელს ყველა ის უცხო თუ შიდა აქტორი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ზემოქმედებას მოახდენდა, გამოვლენილი და გამოაშკარავებული იყო.

დესტრუქციული, პარტიული მედია არხები, ტრეინინგ გავლილი მზა დემონსტრანტები, უცხოელი დონორები და დიპლომატები, ყველა ერთად წარდგნენ რეფერენდუმად მონათლულ არჩევნებზე, მიმავალი და ყავლგასული პრეზიდენტით სათავეში. ცალ ფეხზე დგომის, უცხო ინტერესების შესატყვისი, ევროპერსპექტივის ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი დაუპირისპირდა ნამდვილ, ქართულ, ეროვნულ ინტერესებზე აგებულ მშვიდობისა და კეთილდღეობის დღის წესრიგს, რომელსაც ქართული ოცნება განასახიერებს. საბედნიეროდ, ისტორიის გაკვეთილებსა და ღრმა ცივილიზაციური მეხსიერების მქონე ქართველმა ერმა, ამომრჩეველთა სრულმა უმრავლესობა ზუსტად დაინახა თუ სად იყო ჭეშმარიტება, სიმართლე და ქვეყნის ნამდვილი ინტერესი. დაინახა და სწორი არჩევანიც გააკეთა.

ძალა ერთობაშია, სიკეთე ამთლიანებს, ბოროტი კი ყოფს. ისტორიულად საქართველოს დამარცხების ფორმულა სწორედ ეს იყო, ჩვენი დაქუცმაცება და გათითოკაცება. ეს პოლარიზაცია ამჯერადაც უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი კანვასური თუ იუესაიდური პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს, ხოლო ამ ტრაგიკულ მოცემულობაში სწორედ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს მიუძღვის პირდაპირი წვლილი. მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში, ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის. ასეთ ვითარებაში გამარჯვების ფორმულაა ერთობა, სიმტკიცე და რწმენა, შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი ისტორიის. და ჩვენ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგეთ. მეათე მოწვევის პარლამენტი იქცა შემობრუნების წერტილად, როდესაც ჩვენ, ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედად ეროვნული ინტერესი ვაქციეთ, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წესად სიბრძნით მოქმედება. სიბრძნე კი ისაა, გზა მანამდე დაინახო, სანამ ურემი გადაბრუნდება. სწორედ ეს შევძელით ჩვენ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები