პარლამენტმა პენიტენციური სისტემის ინსტიტუციური რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციურ რეფორმას შეეხება.
აღნიშნული სიახლით 40-მდე კანონში ცვლილება შევიდა და 1 ახალი კანონი იქნა მიღებული.

პენიტენციური სისტემის ინსტიტუციური რეფორმის ძირითადი მიმართულებებია:
* ერთიანი, მოქნილი მართვის სისტემაზე გადასვლა; კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციას და მის სამინისტროში ინტეგრაციას.
* სამინისტროს შიდა სტრუქტურის ორ ნაწილად დაყოფა: სამოქალაქო და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად. მოხდება სამოქალაქო თანამდებობების პერსონალისა და სპეციალური წოდების მქონე პერსონალის მკვეთრი გამიჯვნა.
* სასჯელაღსრულების სისტემის სოციალური სამსახურის გარდაქმნა სამოქალაქო ტიპის სამსახურად და მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების გაძლიერება.
* რეფორმის ფარგლებში, ევროპული გამოცდილების შესაბამისად, ციხეების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციის სამართლებრივი საფუძველის შექმნა, ციხის შიდა სტრუქტურის და მართვის წესის შეცვლა.
* სამინისტროსთან სპეციალური საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ეფექტიან დიალოგს.
* ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება; ადმინისტრაციული წარმოების გამარტივება და საჩივრის განხილვის ვადების შემცირება. 20 დღიდან 14 დღემდე მცირდება მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების ვადა;
* რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებების მოდერნიზება და განვითარება;
* სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის წარმომადგენელისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების მინიჭება;
* უსაფრთხოების სისტემების მოდერნიზება;

საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქმიანობის ახალი მეთოდების დანერგვა და ძლიერი ანალიტიკური სამსახურის შექმნა. შიდა მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცალკეულ დარღვევებზე რეაგირებას, არამედ პრევენციულ სისტემურ მონიტორინგს.
* სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გაძლიერება და უწყების მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმება.
* ციხეებში კრიზისული სიტუაციების იდენტიფიცირებისა და მართვის საკითხების მკაფიოდ გაწერა.
* კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და თანამშრომელთა სოციალური გარანტიების გაზრდა;
2017 წლის პირველ იანვრამდე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა დღეს მოქმედი მოსამსახურე გაივლის სავალდებულო გადამზადების კურსს სახელმწიფოს ხარჯზე; რეგულირდება სასჯელის უშუალო აღმასრულებელი წოდებიანი პერსონალის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი, მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, უსაფრთხოების, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები.
* სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის სტატუსის გათანაბრება პოლიციელის სამართლებრივ სტატუსთან.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის სტაჟის გათანაბრება პოლიციაში მუშაობის სტაჟთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძველს.
აღნიშნული პაკეტი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება, ხელმოწერისა და გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება მოსამზადებელი ღონისძიებები, შედეგად, 2015 წლის 1 ივლისს ცვლილებები ძალაში შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები