გიგლა აგულაშვილი სამინისტროში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში იგი სამინისტროში იმ სტრატეგიულ გეგმას კვლავ გააგრძელებს, რომელიც აქამდე არსებობდა.
„ვგეგმავ, სამინისტროში ის სტრატეგიული გეგმა გავაგრძელო, რომელიც დღემდე არსებობს. ვითანამშრომლო სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პრინციპული მნიშვნელობის იქნება, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის ევროპული პრინციპების სწრაფი იმპლემანტაცია. მინდა დავამშვიდო შრომითი კოლექტივის წარმომადგენლები, მთელი სამინისტროს შემადგენლობა, არანაირი ტალღა საკადრო ცვლილებების შესახებ არ მაქვს განსაზღვრული. ვგეგმავ, რომ ყველა პროფესიონალს პატივი ვცე“, – აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, მიზეზად კი ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები