ჯოკია ბოდოკია კვლავ დუმილის უფლებას იყენებს – ბრალდების მხარემ კი ოთხი მოწმე დაჰკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლო პროცესზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის ჯოკია ბოდოკიას საქმეზე ბრალდების ოთხი მოწმე დაჰკითხეს.
ბრალდების მოწმეებს შორის იყვნენ თბილისის მერიის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
მოწმეების ინფორმაციით, მათ თაბუკაშვილის ქუჩა №32-ში ნებართვის გაცემაზე შემოსული წინადადება განიხილეს, თუმცა ნებართვა საბჭოს წევრებმა არ გასცეს, რადგან მშენებლობის პროექტი არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს. რაც შეეხება ბოდოკიას, მოწმეების თქმით, მათთვის მას უშუალოდ არ მიუმართავს. ამასთან, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ, თამარ ბაზერაშვილმა, რომელიც მერიის არქიტექტურის სამსახურში მუშაობს, განაცხადა, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მას ზედამხედველობის სამსახურის აპარატის მაშინდელმა უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ მიმართა. თუმცა, ბაზერაშვილის თქმით, ბოდოკია მერიის სხვა სამსახურთან გადაამისამართა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდების მხარემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე მოწმეებმა დაადასტურეს ის, თუ როგორ იყო ჯოკია ბოდოკია მშენებლობის საკითხით დაინტერესებული.
„დღეს ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა ის პროცედურა, თუ როგორ ხდება კონკრეტულ ადგილზე და ისტორიულ ზონაში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღება. დაიკითხა მოწმე, რომელიც ბოდოკიას თანამშრომელია და მან დაადასტურა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბოდოკია დაინტერესებული იყო და არკვევდა მშენებლობის ნებართვის საკითხებს კონკრეტულად მერიაში”, – განაცხადა პროკურორმა მაია სილაგაძემ.
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მოწმეების ჩვენებამ დაადასტურა, რომ მშენებლობის ნებართვას მხოლოდ მერიის სამსახური არ გასცემს. ხოლო აღნიშნული თხოვნით ბოდოკიას სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის არ მიუმართავს.
„ის ობიექტი, რომლის მშენებლობის ნებართვაზეც მიმდინარეობდა საუბარი, მდებარეობს ისტორიულ უბანში. შესაბამისად, მას აქვს ნებართვის გაცემის სპეციალური წესი. ეს წესი გულისხმობდა სწორედ ამ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს და კომისიის დასკვნას, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ დღეს მოწმეები. ხოლო მერიის სამსახურში გამორიცხული იყო მშენებლობის ნებართვის მიღება, თუ არ იქნებოდა შესაბამისი კომისიის დასკვნა. აქედან გამომდინარე, მათი ჩვენება, რომ ჯოკია ბოდოკია არ შეხმიანებია და არ ჰქონია არანაირი კავშირი, ურთიერთობა და მცდელობა იმისა, რომ კომისიისგან დადებითი დასკვნა მიეღო, ცალსახად მოასწავებს იმას, რომ ბრალდებას ფაქტთან მიმართებაში არანაირი მტკიცება არ გააჩნია”, – განაცხადა ჯოკია ბოდოკიას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ჯოკია ბოდოკია კვლავ დუმილის უფლებით სარგებლობს და დღევანდელ პროცესზე განცხადება არ გაუკეთებია. ჯოკია ბოდოკია ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ის თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. შემდეგი სასამართლო პროცესი 13 მაისს გაიმართება.