სასამართლოში კახა კუკავას, ბეჟან გუნავას, ირაკლი ღლონტისა და ნიკოლოზ კირვალიძის საქმის განხილვა იწყება
რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსების: კახა კუკავას, ბეჟან გუნავას, ირაკლი ღლონტისა და ნიკოლოზ კირვალიძის საქმის განხილვა იწყება.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, სასამართლოში შუამდგომლობა უკვე შევიდა, სადაც ზემოთ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. კახა კუკავას, ბეჟან გუნავას, ირაკლი ღლონტისა და ნიკოლოზ კირვალიძის საქმეს მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და მისი თანაგუნდელი ბეჟან გუნავა, პარტია „რეფორმატორების“ თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი და მისი მოადგილე ნიკოლოზ კირვალიძე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება „დეზერტირის“ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ისინი „სითი პარკის“ თანამშრომლებს არ აძლევდნენ უფლებას, მანქანა საჯარიმო სადგომზე გადაეყვანათ. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.