ნუკრი ქანთარია: უმადურობის მწვერვალია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ჭიშკარს გარკვეულ ნივთებს ესვრიან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა. მან საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა, რომ უმადურობას გასუსული ნუ შეხვდება.
„მიუღებელია ის, რაც გუშინ ზუგდიდში მოხდა, როცა ორ დეპუტატს მოკიჟინე ხალხი დაახვედრეს. უმადურობის მწვერვალია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ჭიშკარს ესვრიან გარკვეულ ნივთებს. ეს არავითარი დემოკრატია არ არის, ეს არის კრიმინალი. ეს არის შეურაცხყობა იმ საქმეების, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა ქვეყანას. მინდა ვთხოვო მოსახლეობას, ნუ ვიქნებით გულგრილი და უმადურობას გასუსულები ნუ შევხვდებით “, – განაცხადა ქანთარიამ.
უმცირესობის წარმომადგენელმა ლუკა კურტანიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციაში ყოფნა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რაც დღეს ,,ნაციონალურ მოძრაობას” არ გააჩნია.
„კარგად გვახსოვს თქვენს დროს როგორ ხდებოდა მიტინგების დარბევა და დღეს გვაქვს ახალი რეალობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ყველანაირად უზრუნველყო თქვენ მიერ ჩატარებული მიტინგის უსაფრთხოება. მინდა კარგად გაახილოთ თვალები და კარგად შეხედოთ, რომ დღეს საქართველოში არის საზოგადოებაზე და დემოკრატიაზე ორიენტირებული ხელისუფლება. თქვენ ქვეყნის წინაშე ბოდიში გაქვთ მოსახდელი”, – აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე, გუშინ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესიკ გაზდელიანმა შენობის მინა ჩაამსხვრია. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ბესიკ გაზდელიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია და იგი საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები