თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისთვის კონკურსი გამოცხადდება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისთვის კონკურსი გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ნარმანიას თქმით, აღნიშნული კონკურსი ორეტაპიანი იქნება. პირველ ეტაპზე მოხდება საუკეთესო კონცეფციის გამოვლენა, მეორე ეტაპზე, გამარჯვებული დაიწყებს გენერალური გეგმის დამუშავებაზე მუშაობას.
მერიაში დღეს არქიტექტურის სამსახური განკარგულების პროექტს წარადგენს, რომლის მეშვეობითაც კონკურსის წესები და პირობები დამტკიცდება.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის ბოლოს ექსპერტების დახმარებით 2009 წელს მიღებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი დაიწყო. ამ ანალიზმა აჩვენა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს სრულყოფილ ყოვლისმომცველ და, შესაბამისად, რელევანტურ დოკუმენტს დედაქალაქის სივრცითი განვითარების უზრუნველსაყოფად გრძელვადიან პერიოდში.
“ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი არ ასახავს ქალაქის განვითარების პრიორიტეტებს, თბილისის მთავრობა გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს ტერიტორიულ სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებს და პრიორიტეტებზე დაფუძნებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებას. თბილისის არქიტექტურის სამსახური აღნიშნული დოკუმენტის გასაახლებლად კონკურსს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები