ბესელია „ნაციონალებს“: თქვენ უკრაინელ ხალხზე არ შეგტკივათ გული – ეს სიყალბეა

   “ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც საკუთარი სამშობლოსა და ხალხის ბედი არ აინტერესებდა, უკრაინის თემით სპეკულირებს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მოუწოდა მორალური კატეგორიებით საუბარს და გამბედაობასა და თავგანწირვაზე რჩევებს თავი დაანებონ.
“ბატონებო, შიშსა და სიმხდალეზე რომ ლაპარკობთ, ხომ ბუნებრივია, რომ გვახსენდება და პარალელებს ვავლებთ, თუ როგორ იბრძოდა უკრაინელი ხალხი თავისუფლებისათვის, თავისი ქვეყნისთვის და გვახსოვს, თქვენ როგორ იბრძოდით და რას აკეთებდით აგვისტოს დღეებში. გვახსოვს, წითელ ხიდთან რომ იდგა ცოცხალი რიგი და ერთმანეთს ასწრებდით. გვახსოვს მიწაზე მფორთხავი მთავარსარდალი. გვახსოვს, რას აკეთებდა თავდაცვის მინისტრი. კარგად გვახსოვს, რომ მიტოვებულ მიცვალებულებს მიწას ვერ მივაბარებდით, საქართველოს პატრიარქი რომ არ შესულიყო და არ გამოეყვანა. გვახსოვს, 21-ე საუკუნეში უცნობი ჯარისკაცის საფლავები რომ გვაქვს, ხოლო გადარჩენილი ჯარისკაცები ციხეში ჩასვით და ჯაშუშობა დააბრალეთ.
მახსოვს, ქუთაისელი ქალბატონის, ნელი მჭედლიძის ისტორია, რომლის შვილი ომში 8 აგვისტოს დაიღუპა და ეს ქალბატონი იმიტომ დააპატიმრეს, რომ არცთუ ისე სასიამოვნო განცხადებები გააკეთა მიწაზე მფორთხავი პრეზიდენტისა და მთავარსარდლის მიმართ. აი, ეს არის თქვენი ევროპული ფასეულობა. თქვენი ხელისუფლების პერიოდში 140 სოფელი რომ დაიკარგა, ამბობდით, „მერე რა მოხდაო“, „სოხუმი არასდროს იყო საქართველოს შემადგენლობაშიო“. თქვენ უკრაინელ ხალხზე არ შეგტკივათ გული – ეს არის სიყალბე. თქვენ ამ თემით თამაშობთ და სპეკულაციებს ეწევით. არ გაინტერესებთ უკრაინა, რადგან თქვენ საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ხალხის ბედი არ გაინტერესებდათ”, – მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები