„ვერ ვარ ამაყი, რომ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი“

  დღეს ამ პარლამენტის კედლებში ვერ ვარ ამაყი, რომ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო სესიაზე, უკრაინის თემაზე მსჯელობის დასასრულს განაცხადა. როგორც დავით უსუფაშვილმა განმარტა, ამ თემაზე მსჯელობისას უკრაინაზე ლაპარაკის ნაცვლად 90% სხვა რამეს დაეთმო.
“გთხოვთ ყველას, ერთი წუთით შევხედოთ საკუთარ თავს რიგითი უკრაინელი მოქალაქის გადმოსახედიდან. წარმოიდგინეთ, გვისმენდა რიგითი უკრაინელი, რომელსაც ვეუბნებით, რომ ორი თუ სამი დღეა ჩვენ ვცდილობთ, ვმუშაობთ იმაზე, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლითაც დაგეხმარებით. თუმცა, შემდეგ ნახა ეს ყველაფერი და მოისმინა. არ სჭირდება ბევრი ფიქრი, თუ რა ხასიათზე დადგება ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ამას უყურებდა”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის განცხადებით, უმრავლესობა ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ამის თავიდან აცილებას.
“ვცდილობდით, თუ რაიმე სათქმელი, საკამათო, შესათანხმებელი იყო, ეს ყოფილიყო მუშა რეჟიმში და აქ გველაპარაკა უკრაინაზე, უკრაინელებზე, უკრაინის დახმარებაზე. საბოლოოდ გამოგვივიდა ის, რომ 90% პროცენტი დროის და ენერგიის დავხარჯეთ იმაზე – შენ ასე თქვი და ვინ სწორია და ვინ მტყუანიაო”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები