ნინო გვენეტაძე: შვეიცარიის ელჩის მიერ გამოთქმული პრეტენზიის საფუძველზე საქმეების შესწავლა დაიწყო

შვეიცარიის ელჩის მიერ გამოთქმული პრეტენზიის საფუძველზე, საგადასახადო დავებსა და მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებთან დაკავშირებული სამართალწარმოების საქმეების შესწავლა დაიწყო,- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც გვენეტაძე აცხადებს, ის შვეიცარიელ დიპლომატ გიუნტერ ბეხლერთან, რომელსაც ერთხელ უკვე შეხვდა, მორიგი აუდიენციის პრობლემასაც ვერ ხედავს.
“ამის პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ეს საჭიროება იქნება. ჩვენ სამართალწარმოების პრაქტიკის მოკვლევა, გაანალიზება, განზოგადება და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება დავისახეთ მიზნად. პროცესი მიმდინარეობს. ასევე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ხდება მოსამართლეების საქმიანობის წინასწარი შემოწმება დისციპლინური სამართალწარმოების გადაცდომის არსებობის ან არარსებობის შესახებ. როგორც კი ამ სამუშაო ეტაპებს დავასრულებთ, ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. თუ ბატონი ელჩი საჭიროდ ჩათვლის, რომ ეს ინფორმაცია მას კონკრეტულად ჩვენ გადავცეთ, იქნება შეხვედრაც. კონკრეტული მოსამართლის გვარი დიპლომატის მიერ დასახელებული არ ყოფილა. შესაბამისად, ჩვენ ვახდენთ საკითხის განზოგადებას და ვსწავლობთ იმ ტიპის სამართალწარმოების საქმეებს, რომლებიც უკავშირდება საგადასახადო დავებს, მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებს”, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
საქართველოში შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის შეფასებით, სასამართლო სისტემაში კორუფციის პრობლემებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები