ფახულანიდან საბერიომდე დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიოს საზღვრამდე არსებული შიდასახელმწიფოებრივი და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საავტომობილო გზას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება – ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით მიიღო.
აღნიშნული გზის მონაკვეთი აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რომლითაც, ძირითადად, გალის მუნიციპალიტეტის სოფელ საბერიოში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. ისინი ფახულანის საჯარო სკოლაში, ქართულ ენაზე სწავლის მიზნით, ამ გზაზე ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიან. ამავე გზით სარგებლობს 3000-ზე მეტი ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობა. ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიოს საზღვრამდე არსებულ გზის მონაკვეთს რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდება. სამუშაოების განხორციელება კი მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მგფ საპროექტო შესყიდვას 3 თვის ვადაში მოახდენს, რომლის ფარგლებშიც მოხდება გზის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ კი გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პროექტის განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს, რადგან, მთავრობის განკარგულებითვე, პროექტი  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების ქვეპროგრამით განსაზღვრული ასიგნებებიდან დაფინანსდება .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები