ალეკო ელისაშვილი: მერიას გამოლოცვა სჭირდება

მერია ძალიან სუსტად მუშაობს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ საუბრისას აცხადებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ რაც დედაქალაქში ხდება, ყველაფერი დავით ნარმანიას ბრალია, რადგან ის სიტუაციას ვერ აკონტროლებს.
“მე რომ სულ გავჩუმდე და ხმა არ ამოვიღო, ქალაქში გადით და ნახავთ, რომ მერია ძალიან სუსტად მუშაობს. ორმოებით არის მთელი ქალაქი სავსე, სხვა რომ არაფერზე ვილაპარაკოთ. რატომ ვერ აკეთებენ საქმეს? არ ვიცი, ეტყობა, გამოლოცვა სჭირდებათ… ყველაფრის თავი და თავი არის დავით ნარმანია, რომელიც სიტუაციას კარგად ვერ აკონტროლებს, თორემ ქალაქი ასეთ სამარცხვინო დღეში არ უნდა იყოს. იმ არჩევანის პირობებში, რაც იყო, ნარმანია საუკეთესო არჩევანი იყო, მაგრამ თავად არჩევანი იყო შეზღუდული და ამაში იყო პრობლემა. თორემ მელიასა და ნარმანიას შორის, რა თქმა უნდა, დღესაც ნარმანიას ავირჩევდი“,- აცხადებს საკრებულოს დეპუტატი.
მისივე შეფასებით, დავით ნარმანია მორალურად და პოლიტიკურად მერობისთვის მზად არ იყო.
,,როგორც ჩანს, დავით ნარმანია მორალურად და პოლიტიკურად მერობისთვის მზად არ იყო. თბილისის მერობა ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობაა, როგორც ჩანს, მან ცოტა ზერელედ შეხედა ამ პასუხისმგებლობას. ბოლომდე არ ჰქონდა გაცნობიერებული, რაში ჰყოფდა თავს და იმას შეეჭიდა, რასაც ჯერჯერობით ვერ წევს და შემდეგ ვნახოთ აბა, რა გამოვა“,- აღნიშნავს ელისაშვილი.
ამასთან, დეპუტატის თქმით, რაც არ უნდა ცუდად მუშაობდეს მერია, ,,ნაცმოძრაობას“ მაინც ემჯობინება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე არ აკეთონ. ,,ნამდვილად არ ვიცი, რა სჭირთ. რაც არ უნდა მოხდეს, მე არასოდეს არ მომენატრება ,,ნაციონალური მოძრაობა“, არასოდეს! მათ ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, მაგრამ ესენი რომ ბოთეები არიან, ესეც ხომ ფაქტია. მართლაც და გზის დაგებას რა უნდა?! რამდენიმე თვეა, რაც დადიანზე ე.წ. გადასასვლელი ხიდის ტერიტორია კეთდება, რა დროსაც გინდათ გაიარეთ, ოთხი მუშა ზის და ღიღინით მიჰყვება საქმეს“,- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები