დავით უსუფაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს, არსენი იაცენიუკს შეხვდა

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს, არსენი იაცენიუკს შეხვდა. შეხვედრაზე არსენი იაცენიუკმა დავით უსუფაშვილს მადლობა გადაუხადა უკრაინაში ვიზიტისთვის.
მისი თქმით, საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები აქვთ. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას საერთო პრობლემები აქვს და მომავალში საქართველომ და უკრაინამ განსაკუთრებულად უნდა ითანამშრომლონ.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს და უკრაინას არა მარტო საერთო პრობლემები, არამედ საერთო მიზნები და საერთო საგარეო ორიენტირები აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროდ, მსოფლიომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არასათანადო ყურადღება მიაქცია, რის გამოც უკრაინაში იგივე მოვლენები განმეორდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის უნდა განვითარდეს ინსტიტუციური კავშირები და მოხდეს გამოცდილების გაცვლა. მისივე თქმით, საქართველო და უკრაინა მაქსიმალურად უნდა დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ერთმანეთს განვითარებაში.
,,ჩვენ ვგრძნობთ უკრაინელი ხალხის და პირადად თქვენს მხარდაჭერას“,- მიმართა დავით უსუფაშვილმა არსენი იაცენიუკს.
შეხვედრაზე მხარეემა ისაუბრეს ეკონომიკურ ვითარებაზე, კონფლიქტებზე, ორი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე და აგრეთვე, ევროკავშირისა და დასავლური სტრუქტურების მიმართ საერთო ძალისხმევის გაძლიერებაზე. ქართული მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის წევრები: თედო ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი, გიორგი ვაშაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება ესწრებოდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.
,,ჩვენი მთავარი ამოცანა იყო კიდევ ერთხელ, ჩვენს კოლეგებთან, პარლამენტის წევრებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გვესაუბრა იმ ვითარებაზე, რაც შექმნილია უკრაინაში, რაც შექმნილია რეგიონში, საქართველოში. ვიზიტისას ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხის მეგობრობა არის ურყევი და ქართველი და უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარები, მთავრობები ვალდებულნი ვართ, რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ერთმანეთთან და გავუწოდოთ დახმარების ხელი. უკრაინელებისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან, პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ ძალიან ბევრი სამადლობელი სიტყვა იმისთვის, რაც კეთდება, რაც გაკეთდა უკვე საქართველოს მხრიდან და შევთანხმდით იმაზე, რომ ეს გაგრძელდება. ძალიან ახლო მომავალში იქნება საინტერესო ღონისძიებები. მაისის დასაწყისში, თბილისში გაიმართება უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს პარლამენტების საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეების, აგრეთვე, ევრონესტში წარმომადგენლების ორდღიანი ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც დაიგეგმება შემდგომი თანამშრომლობა სამი ქვეყნის პარლამენტებს შორის. ივნისში შედგება საქართველო-უკრაინის ეკონომიკური კომისიის შეხვედრა ბათუმში, სადაც უკვე სამთავრობო დონეზე დაიგეგმება კონკრეტული პროექტები ერთობლივი საქმიანობისთვის, ერთობლივი თანამშრომლობისთვის, რიგის სამიტთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება ერთიანი პოზიცია, ევროინტეგრაციის პროცესში და კიდევ უფრო გავააქტიურებთ ჩვენს თანამშრომლობას ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის სასარგებლო უკრაინისთვის და არის სასარგებლო საქართველოსთვის. ჩვენ, საქართველო, როდესაც ვეხმარებით უკრაინას, დარწმუნებული ვართ, რომ ამით ვეხმარებით საკუთარ თავს, საკუთარ სამშობლოს, იმიტომ, რომ თუ არ დასრულდა რუსული აგრესია უკრაინაში და საქართველოში, თუ არ დასრულდა რუსეთის სამხედრო ოკუპაცია საქართველოსა და უკრაინაში, მაშინ, არა მხოლოდ ეს ორი ქვეყანა, არამედ მთელი რეგიონი აღმოჩნდება უფრო მძიმე ვითარებაში. ასე რომ, ჩვენ შევთანხმდით საერთაშორისო ასპარეზზე უფრო კოორდინირებულ და მჭიდრო თანამშრომლობაზე“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დღეს დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები