პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად, მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს, ანა ბიერდეს შეხვდა. შეხვედრა აშშ-ში პირველი ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
როგორც შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განვითარების ორგანიზაციაა. მისი თქმით, ურთიერთობის არსებულ ეტაპზე, მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს თანამშრომლობა ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის.
„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ენერგო კაბელი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ელექტროსისტემას დააკავშირებს, აგრეთვე ინტერნეტიზაციის პროგრამაზე საქართველოს მასშტაბით, რომელთაც გააჩნიათ ქვეყნის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით ტრანსფორმაციული ეფექტი გააჩნია. ჩვენ მსოფლიო ბანკისგან მივიღეთ გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის და ზოგადად პროგრესის შენარჩუნებისთვის. საუბარია არა მხოლოდ დაფინანსებაზე, არამედ ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტზე, რომელიც საქართველოს ზოგადად კომპეტენციების ზრდაში დაეხმარება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე საქართველოში, მათ სარგებლიანობასა და შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა იმ დიდ როლს, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროექტები ასრულებენ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, სამოქალაქო დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
ქართულმა მხარემ მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორს მიაწოდა სრული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე. აღინიშნა, რომ საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკიდან გამომდინარე, პოსტ პანდემიური პერიოდიდან ორნიშნა ზრდის ტემპს აჩვენებს და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა მომდევნო წლებში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაზე, რომელიც სრულად უნდა იყოს თანხვედრაში საქართველოს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან.