საკრებულოს თავმჯდომარემ ასოციაცია GFA-ს პრეზიდენტს უმასპინძლა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქართულ-ფრანგული საერთაშორისო ასოციაცია GFA-ს პრეზიდენტს – კატრინ ღუსსელლს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეხვდა. GFA-ს ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის, ნანტისა და სტრასბურგთან ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა და თანამშრომლობის საერთო მიზნები დასახა. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია საქართველოში ევროინტეგრაციის ხელშეწყობა, ქართველ და ფრანგ ხალხთა თანამეგობრობა, კულტურის, ენის პოპულარიზაცია და გამოცდილებათა გაზიარება. მხარეებმა ინფრასტრუქტურულ, ურბანულ, სამრეწველო და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში კომუნიკაციის გაღრმავების თაობაზეც იმსჯელეს. გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისსა და ნანტს შორის, 1979 წელს, დაძმობილების ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტი გაიხსენა, ხოლო ამ ისტორიული მოვლენის გაგრძელებად მიიჩნია გასულ წელს თბილისის მერის – დავით ნარმანიასა და სტრასბურგის მერის მოადგილეს შორის პირველი შეხვედრა.
„მისასალმებელია, რომ ეს ორი ქალაქი დაინტერესებულია თბილისთან თანამშრომლობის გაღრმავებით, არა მხოლოდ კულტურული, არამედ გლობალური მიმართულებებითაც. ბუნებრივია, ჩვენ მზაობას ვაცხადებთ საიმისოდ, რომ ეს ურთიერთობა მეტად ეფექტური და სიკეთის მომტანი აღმოჩნდეს, როგორც ჩვენი დედაქალაქისათვის, ისე ამ ორი ქალაქისთვის. თბილისს გარკვეული სახის პრობლემები გააჩნია, რომელთა მოგვარებაშიც ჩვენი უცხოელი პარტნიორების როლი უმნიშვნელოვანესი იქნება. ამიტომ, პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, ასოციაციასთან გავაფორმებთ მემორანდუმს, ხოლო შემდეგ, ქალაქ ნანტის საკრებულოსთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, რათა შევძლოთ და უკეთ ჩამოვყალიბდეთ კონკრეტულ საკითხებზე“, – განაცხადა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ.
კატრინ ღუსსელლმა და ამავე ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ თეიმურაზ ბობოხიძემ, დედაქალაქში საინვესტიციო პროექტების განხორციელების რეალურ პერსპექტივაზეც ისაუბრეს. ქართულ-ფრანგული საერთაშორისო ასოციაცია GFA თანამშრომლობს და მემორანდუმი აქვს გაფორმებული: თბილისისა და ქუთაისის მერიასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, აფხაზეთის ავტონომიის უმაღლეს საბჭოსთან და სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან, – როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომელთა საფუძველზეც საერთაშორისო პროექტები, სასწავლო-გაცვლითი პროგრამები და საქველმოქმედო აქციები ხორციელდება. ასოციაცია GFA ევროკომისიის ორგანიზაციის დირექტორის PADOR-ის, სტრასბურგის ენათა პოპულარიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, “ევროპელი სტუდენტების“ კლუბის და საქართველოში ასოციაცია „ევროპული კაფეს“ წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები