სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ავიაკატასტროფას გადაურჩა

სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის მართვის პანელზე დაქცეული ყავა შეიძლებოდა ავიაკატასტროფის მიზეზი გამხდარიყო. გამოძიების შედეგად ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ექსპერტებმა ასეთი დასკვნა გამოიტანეს.
ინციდენტი 2 დღის წინ მოხდა, როდესაც სერბეთის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი Falcon 50-ის ტიპის თვითმფრინავით ვატიკანში მიფრინავდა. პილოტებმა დაგეგმილ სიმაღლეზე ასვლის შემდეგ ავტოპილოტი ჩართეს. სწორედ ამ დროს მეორე პილოტმა ბოიან ზორიჩმა ყავა მოითხოვა. როდესაც ის ყავის დალევას აპირებდა, თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა და ყავა მართვის პანელზე დაიქცა. ზორიჩმა ხელსახოცი აიღო და ლაქის წმენდა დაიწყო, რა დროსაც ერთ-ერთ ღილაკს შეეხო, რის გამოც ავტოპილოტი გაითიშა და თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო. პირველმა პილოტმა თვითმფრინავზე კონტროლი მალევე აღადგინა, მაგრამ ბელგრადის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თვითმფრინავის მობრუნების დროს მესამე ძრავა დროებით გაითიშა და მისი გაშვება თავიდან გახდა აუცილებელი. თვითმფრინავი Falcon 50 ტექნიკური შემოწმებისთვის ბაზელში გააგზავნეს. მეორე პილოტი ზორიჩი, რომელიც ინციდენტში დამნაშავედ ცნეს, დროებით ჩამოაშორეს ფრენას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები