ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შპიცბერგენზე დიმიტრი როგოზინის ვიზიტის გამო რუსეთს პროტესტს უცხადებს

შპიცბერგენზე რუსეთის ვიცე-პრემიერის დიმიტრი როგოზინის ვიზიტის გამო ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიორგე ბრენდემ უკმაყოფილება გამოთქვა. საქმე ისაა, რომ როგოზინი შედის იმ პირთა სიაში, რომელზეც დასავლეთის სანქციები ვრცელდება. ნორვეგიამ რუსეთი ადრეც გააფრთხილა, რომ არ სურს იმ პირთა ნახვა, ვინც რუსეთის მხრიდან უკრაინაში და ყირიმში საერთაშორისო სამართლის დარღვევასთან არის დაკავშირებული. ნორვეგიის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებით, ამ ინციდენტის შემდეგ ნორვეგიის შესაბამისი სამსახურები საზღვარზე კონტროლს გაამკაცრებენ.
დიმიტრი როგოზინი შპიცბერგენზე 18 აპრილს ჩავიდა. ის არქიპელაგის ორ ქალაქში – ლონგიერში და ბარენცბურგში იმყოფებოდა, ასევე ჩრდილოეთის პოლუსზე იყო ჩასული, სადაც რუსული მოდრეიფე არქტიკული სადგურის გახსნაში მონაწილეობდა. ვიზიტის ამსახველი ფოტოები როგოზინმა ტვიტერში გამოაქვეყნა.
რუსული სახელწოდების მქონე  შპიცბერგენის (ნორვეგიულად სვალბარდი) არქიპელაგი ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში მდებარეობს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ის ნორვეგიას გადაეცა განსაკუთრებული საერთაშორისო სტატუსის შენარჩუნების პირობით. შპიცბერგენის ტრაქტატით, 50 სახელმწიფოს მისი რესურსების გამოყენებაზე თანაბარი უფლება აქვს. თუმცა ამ ეტაპზე შპიცბერგენზე ეკონომიკურ საქმიანობას ნორვეგია და რუსეთის ფედერაცია აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები