ვინ არის “ჯინო თრეველის” დამფუძნებელი ქალი, რომელიც თაღლითობაში ამხილეს (ფოტოკოლაჟი)

ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველი“, რომლის დამფუძნებელიც ნინო სიხარულიძე ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, 2013 წლის 29 ოქტომბერს დაფუძნდა.
როგორც კომპანიის ვებგვედიდან ირკვევა კომპანიის ოფისი ვაკე-საბურთალოს რაიონში, იპოლიტე ხვიჩიას № 38-ში მდებარეობს.
თუმცა იურიდიური მისამართი ისან-რაიონის რაიონში, კერძოდ, ვაზისუბანშია დარეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ “ჯინო თრეველს“ ფილიალი, თბილისის გარდა, ქვემო ქართლში, კერძოდ, რუსთავშიც აქვს.
“კვირას“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებელი – გენერალური დირექტორი ნინო სიხარულიძეა.
ნინო სიხარულიძე, სავარაუდოდ, ტურისტული კომპანიის სახით, სავარაუდოდ, ოჯახურ ბიზნეს აწარმოებდა. ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორის პოზიციას გიორგი სიხარულიძე იკავებს.
ტურისტული კომპანია მოქალაქეებს ავიაბილეთებისა და სასტუმროს ნომრების დაჯავშნის სერვისს სთავაზობდა როგორ ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთის მიმართულებით.
ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველის“ გენერალური დირექტორის ნინო სიხარულიძის დაკავების შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
შსს-ს ინფორმაციით, ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველის“ დირექტორი, 1981 წელს დაბადებული ნინო სიხარულიძე შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ნინო ს. მოქალაქეს 8100 აშშ დოლარისა და 1000 ევროს სანაცვლოდ აშშ-ს ოფიციალური ლოგოსა და რეკვიზიტების მქონე ბლანკზე დაბეჭდილ, ინგლისურ ენაზე შედგენილ ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა. აღნიშნულმა მოქალაქემ, რომელიც ყოველწლიური ლატარია „diversity visa lottery“ (ე.წ. გრინ-ქარდის) გამარჯვებული იყო, ვიზა ვერ მიიღო მისი შეზღუდული რაოდენობის გამო და არ იქნა ჩანიშნული კონსულთან მისი გასაუბრება. დაზარალებულმა დასახმარებლად ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველის“ დირექტორ ნინო ს-ს მიმართა. ეს უკანასკნელი, სხვადასხვა ყალბი დაპირების გამოყენებით, თითქოსდა ,,გრინ-ქარდის“ აღდგენის მიზნით, აშშ-ში საამისო პროცედურების მოსაგვარებლად, ასევე, ადვოკატის აშშ-ში გამგზავრებისა და მისი მომსახურებისათვის საჭირო თანხის სახით და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების საშუალებით, მოტყუებით 8100 აშშ დოლარსა და 1000 ევროს დაეუფლა, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა. სამართალდამცველებმა ნინო ს-ს პირადი ჩხრეკის, მისი საცხოვრებელი ბინისა და ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველის“ ოფისის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ყალბი დოკუმენტი, მოქალაქეთა პასპორტები, სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭდები, კომპიუტერული ტექნიკა და 1000 აშშ დოლარი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს“-აცხადებენ უწყებაში.

11129279_364805717058951_1225788565_n

11173562_364805730392283_237467961_n

11173663_364805847058938_872260971_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები