მგზავრმა თელ-ავივი – მოსკოვის რეისის თვითმფრინავი ავიაკატასტროფას გადაარჩინა

ებრაელი სასულიერო პირის შვილის ყურადღების შედეგად რუსული ავიაკომპანია „ტრანსაეროს“ თელ-ავივი – მოსკოვის რეისის თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა.
„რეგნუმის“ ინფორმაციით, ინციდენტი თელ-ავივის აეროპორტში მოხდა. როდესაც თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე გადიოდა, 22 წლის მუსი ვაინფელდს თვითმფრინავის ძრავიდან უცნაური ხმა მოესმა. მან უმალვე ბორტგამცილებლებს მიმართა, რომლებმაც გოგონას დაწყნარება სცადეს და ადგილზე დაბრუნება ურჩიეს. თუმცა გოგონა არ ისვენებდა და პილოტებს მიმართა, რომ ადგილზე არ დაჯდებოდა. ეკიპაჟი იძულებული იყო, გაფრენა გადაედო და სარემონტო ბრიგადა გამოეძახებინა, რომელმაც თვითმფრინავის ძრავში სერიოზული დაზიანება აღმოაჩინა. მას ფრენის დროს მგზავრებისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო. ტექნიკოსების ჩარევის შემდეგ რეისი გადაიდო და მგზავრები მოსკოვში სხვა ავიალაინერით გაუშვეს.
სხვათა შორის, რუსული ავიაკომპანია „ტრანსაეროს“ თვითმფრინავების მონაწილეობით ინციდენტები საკმაოდ ხშირია. მხოლოდ 2014 წელს 3 სერიოზული ავარია მოხდა, რომლის დროს მგზავრები სასწაულად გადარჩნენ. ერთ-ერთ შემთხვევაში ბარსელონის თავზე „ტრანსაეროს“ თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. ექსპერტების შეფასებით, „ტრანსაეროს“ თვითმფრინავების პარკი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ძველია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები