ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება
ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს ის არ დაესწრება. სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ლუკაშენკომ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მან გამარჯვების აღლუმი 9 მაისს მინსკში უნდა ჩაიბაროს.
ამასთან, ბელორუსიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დელეგაციასთან ერთად მოსოკოვში 7 ან 8 მაისს ჩავა და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს.
„მინსკში ისეთივე აღლუმი ჩატარდება, როგორც მოსკოვში. დაუშვებელია, რომ ასეთ ღონისძიებას უმაღლესი მთავარსარდალი არ დაესწროს. ბელორუსიის კონსტიტუციით ასეა“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ კრემლის მოწვევაზე უარი განაცხადეს პოლონეთის, ფინეთის, სამხრეთ კორეის, ჩერნოგორიის, ისრაელის, ბულგარეთის, მოლდოვას და ბალტიის სახელმწიფოების ლიდერებმა. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსკოვში 10 მაისს ჩავა.