“ვინ მოკლა ილია“ – “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ფილმის სატელევიზიო ჩვენება გაიმართება
“ საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ეთერში დღეს, 21:00 საათზე მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის – “ვინ მოკლა ილია“ სატელევიზიო ჩვენება გაიმართება. ქართველი მსახიობი, კოტე თოლორდავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ფილმში “ვინ მოკლა ილია” მთავარ როლს ასრულებდა, ხოლო მწერლის მეუღლე ნანუკა ხუსკივაძემ განასახიერა. ფილმში მონაწილეობდნენ: გოგი ქავთარაძე, გივი ბერიკაშვილი, პაატა მხეიძე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ზაზა იაქაშვილი და სხვები.
ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი მიხეილ ბერინაშვილია, ხოლო მუსიკალურად ნიაზ დიასამიძემ გააფორმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გადაღებული, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მხატვრულ–დოკუმენტური ფილმის – „ვინ მოკლა ილია…“ პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ გასული წლის სექტემბერში გაიმართა. ფილმის გადაღება შსს-ს არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2013 წელს დაიწყო. ფილმის ის ნაწილი, სადაც ილიას უკანასკნელი დღე და მისი მკვლელობაა ასახული, გადაღებულია თბილისსა და საგურამოში, მწერლის სახლ-მუზეუმებში.
რეჟისორის ჩანაფიქრით მოქმედება დროის სამ მონაკვეთში ხდება – ილიას მკვლელობის დღეს, ბოლშევიკურ ეპოქაში, როდესაც მკვლელობაში მონაწილე პირები გაასამართლეს და თანამედროვე ეპოქაში, როდესაც თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მომხდარის დეტალების აღდგენა და მოკვლევა ტარდება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ფილმის ავტორების მიზანი იყო 1907 წლის 12 სექტემბერს საბედისწერო მოვლენების განვითარების არა მხოლოდ მხატვრული ხერხებით ჩვენება. საზოგადოება ფილმის ხილვისას ილიას მკვლელობის სრულიად ახალი ვერსიის ეკრანიზაციას გაეცნობა, რომელიც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებითაა გამყარებული. ექსპერტების დახმარებით მკვლელობის სრული რეკონსტრუქცია გაკეთდა. შსს-ს არქივის თანამშრომლებმა მკვლევარებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, ილიას მკვლელობის სრულიად ახალი და აქამდე უცნობი დეტალები აღმოაჩინეს, რაც ფილმში სრულად არის წარმოჩენილი. ამავე დროს ჩატარდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის ხელახალი შესწავლა. საქმე შსს-ს არქივშია დაცული და 11 ტომს მოიცავს. შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ილია ჭავჭავაძის გაკვეთაში მონაწილე ექიმის დასკვნის ხელახალი ექსპერტიზა.