თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი ჰყავს
თბილისის ზოოპარკში ზებრა დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დედაც და პატარაც თავს კარგად გრძნობენ და დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
“ჩვენს სამშობიაროში პატარების ჟრიამული არ წყდება. ამჯერად ზოოპარკში ზებრა დაიბადა. ეს ფოტო დაბადებიდან რამდენიმე წუთში გადავუღეთ. ახალშობილი დედამ მალევე გაასუფთავა, გალოკა და გააფუმფულა. თან ეუბნებოდა, ზოლიანი კი ხარ, მაგრამ, დაე, ცხოვრების გზაზე თეთრი ზოლი შავზე მეტი გქონოდესო. დედაც და პატარაც თავს კარგად გრძნობენ და დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ზებრები სოციალური ცხოველები არიან. ზოგიერთები იმდენად ძლიერ ჯგუფებს ქმნიან, რომ მათ სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ. ჯოგი შეიძლება ათასობით ჩლიქოსნისგან შედგებოდეს, თუმცა ეს ჯგუფი შიგნით პატარა ოჯახურ გაერთიანებებადაა დაყოფილი, რომლებშიც ერთი ულაყი და მისი რამდენიმე ფაშატია თავმოყრილი. ამგვარი „ჰარამხანების“ შექმნა ზებრების პოლიგამიური ცხოვრების სტილიდან გამომდინარეობს”, – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.