ბიძინა ივანიშვილი: უკმაყოფილო საუბარი მქონდა ბაჩიაშვილთან, უჩა მამაცაშვილი აქ არაფერ შუაშია

მამაცაშვილს 1 ლარად არაფერი აუღია, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ყოფილი პრემიერი გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მამაცაშვილმა და ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდში შეღავათებით ისარგებლეს და მიწა 1 ლარად შეიძინეს. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები უჩა მამაცაშვილთან მიმართებაში „აგიტმანქანას ამუშავებენ და ამოჩემებული ჰყავთ“.
“უკმაყოფილო საუბარი მქონდა ბაჩიაშვილთან. უჩა მამაცაშვილი აქ არაფერ შუაშია. სიცრუეა ის ინფორმაცია, რომ მან ისარგებლა შეღავათებით. მან ისარგებლა კანონიერად. თუმცა მე არ მომეწონა ის, რომ შეღავათებით ისარგებლა და ამ თანხას, რომელიც 0,001 პროცენტს შეადგენს, მე გადავიხდი. მამაცაშვილს 1 ლარად არაფერი აუღია”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ორგანიზაციამ, რომლის დამფუძნებლები არიან უჩა მამაცაშვილი და გიორგი ბაჩიაშვილი, კანონის დაცვით შეიძინა მიწა ფრანგ პარტნიორებთან ერთად.
“მათ ჰქონდათ უფლება, კანონის დაცვით ეს გაეკეთებინათ, ჰყავდათ პარტნიორები, რაღაც შეღავათები გააკეთეს, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სასაცილო. რა თქმა უნდა, არ მომეწონა ის, რომ კაპიკებს გამოეკიდნენ და ბაჩიაშვილს ამაზე შენიშვნა მივეცი. მან თავი დაიცვა ჩემთან. “ნაციონალები” ცდილობენ, “რუსთავი 2″-თან ერთად სიცრუის ტირაჟირებას, რის გამოც, ისინი სიბრალულს იწვევენ. მათ აამუშავეს აგიტმანქანა, იციან ერთი პირის ამოჩემება და ახლა ამოჩემებული ჰყავთ უჩა მამაცაშვილი. არავითარი კანონის დარღვევა უჩას არ ჩაუდენია. პირიქით, ცდილობს, ბიზნესს არავინ შეეხოს და რასაც აკეთებს, არის ის, რომ ჭორები მოაქვს ჩემთან, თუ რამე გაიგო და მეც ძალიან ვუფრთხილდები იმას, რომ ბიზნესი არავინ დააზარალოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები