გიორგი კალანდარიშვილი: პროპაგანდისტული კამპანიების შედეგია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეუქმნა იმის აღქმა, თითქოს არჩევნები გაყალბდა

„პროპაგანდისტული კამპანიების შედეგია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შეუქმნა იმის აღქმა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის მძიმე შემთხვევა და ა.შ.,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სადაც დარღვევა იყო, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც გატარდა.

„მოდით ფაქტებით ვისაუბროთ: დღეის მდგომარეობით, სადაც დარღვევა იყო, იყო შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, გატარდა შესაბამისი ზომები. გვესმოდა ბრალდებები, რომელთა გამოკვლევა ჩვენ ხელთ არ გვეწიფებოდა და ჩვენი ინსტიტუციის კომპეტენციას არ შეესაბამებოდა, ამიტომ მივმართეთ პროკურატურას რომ კომპლექსური გამოძიების ფარგლებში ობიექტური ჭეშმარიტება დადგენილიყო და საზოგადოებას ჰქონოდა სწორი ინფორმაცია და ამასთანავე სათანადო რეაგირება განხორციელებულიყო ბრალდებებთან მიმართებით.

რამდენიმე კვირის წინ ვნახეთ პროკურატურის შუალედური დასკვნა, რომელშიც ცალსახად იკითხება, რომ არანაირი მტკიცებულებები გაჟღერებულ ბრალდებებთან მიმართებით არ არის წარდგენილი, რომელიც მისცემდა პროკურატურას ან ჩართულ მხარეს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულს ჰქონდა ადგილი. გაყალბება, მანიპულაცია, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და მისი ასე, ჰაერზე, უსაფუძვლოდ საუბარი არ შეიძლება. დღეს საზოგადოებაში კვლავ მიდის იმ აღქმის ფორმირება, რომ ერთი – თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და მეორე, ამით მიდის იმ ბმის გაკეთება, რომ თითქოს ეს არჩევნებიც (თვითმმართველობის) იქნება მანიპულირებადი“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია 15 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები