გივი მიქანაძე: ის გარემოება, რომ ეუთოს გენერალური მდივანი სტუმრობს საქართველოს – მიუთითებს იმაზე, რომ ეუთოსთვის საქართველო ღირებული ქვეყანაა

„ის გარემოება, რომ ეუთოს გენერალური მდივანი ახლა სტუმრობს საქართველოს და მას აქვს უმაღლესი რანგის შეხვედრები, ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ეუთოსთვის საქართველო ღირებული ქვეყანაა,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთოს გენერალურმა მდივანმა მშვიდობასა და სტაბილურობაზე არაერთხელ საჯაროდ გააკეთა განცხადება.

„რაც მთავარია, ეს უნდა განვიხილოთ, რა თქმა უნდა, იმ ფართო სურათის ფორმატში, რომელიც მთლიანად ეუთოსთვის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომელიც შექმნილია უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების მიზნით, არის პრიორიტეტი. ის გარემოება, რომ ეუთოს გენერალური მდივანი ახლა სტუმრობს საქართველოს და მას აქვს უმაღლესი რანგის შეხვედრები, ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ეუთოსთვის საქართველო ღირებული ქვეყანაა. მასთან თანამშრომლობა ეუთოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რაც მთავარია, საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, ასევე იმ ფუნქციით, რომელიც საქართველოს არასდროს დაუკარგავს და ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ ნეიტრალური პოზიცია იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობამ საბოლოოდ დაისადგუროს. ამ კონტექსტში ჩვენ აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს შეთანხმების მიღწევა, სამშვიდობო შეთანხმებასთან მიმართებით. ამასთანავე, ჩვენ ღიად და საჯაროდ ვთავაზობთ, რომ ეს განხილვები და შეთანხმებაზე ხელმოწერა თბილისში განხორციელდეს, ესეც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია.

ასევე, შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოში გაიმართა სამმხრივი შეხვედრა, სადაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა განიხილეს მიმდინარე პროცესები. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესში და იმ პოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს. თამაშობს კიდევაც და თავის ნეიტრალურ პოზიციას მაქსიმალურად იყენებს იმისათვის, რათა რეგიონში მშვიდობის კომპონენტი იყოს აქტუალური და მშვიდობაზე ორიენტირებით ჩვენ ერთობლივად გავაგრძელოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის, წინსვლისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

ამიტომ, ეს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, უაღრესად დროულია როგორც თავისი პოლიტიკური დანიშნულებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რაზეც ეუთოს გენერალურმა მდივანმა მშვიდობასა და სტაბილურობაზე არაერთხელ საჯაროდ გააკეთა განცხადება. კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მზარდ და მნიშვნელოვან როლზე ამ პროცესებში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები