მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ განაცხადა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში ფართომასშტაბიანი რეორგანიზაცია გამოაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს დეპარტამენტის ბიუროკრატიისგან განთავისუფლებას და მისი პერსონალის შემცირებას.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის [დონალდ ტრამპის] ხელმძღვანელობით და ჩემი მითითებით, ჩვენ ვხსნით მრავალწლიან ბიუროკრატიას და გაზრდილ კადრებს. ეს ყოვლისმომცველი ცვლილებები საშუალებას მისცემს ჩვენს ნიჭიერ დიპლომატებს, პირველ ადგილზე დააყენონ ამერიკა და ამერიკელები“, – წერს სახელმწიფო მდივანი.

მანამდე ონლაინ გამოცემა Free Press-ი სახელმწიფო დეპარტამენტში „გრანდიოზული წმენდის“ შესახებ იუწყებოდა და რეორგანიზაციის დეტალებს აქვეყნებდა. სოციალურ ქსელში ცალკე პოსტში რუბიომ დაადასტურა, რომ გამოცემის ექსკლუზიური მასალა სახელმწიფო დეპარტამენტის რეალურ გეგმას ეფუძნება.

გამოცემის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტის კაპიტალური რეორგანიზაცია მოიცავს 130-ზე მეტი განყოფილების დახურვას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ორიენტირებული არიან ადამიანის უფლებებზე, საზღვარგარეთ დემოკრატიის ხელშეწყობაზე, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ომის დანაშაულების პრევენციაზე.

გამოცემის მიერ მოყვანილი შიდა დოკუმენტები ასევე აჩვენებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ვაშინგტონში ასობით ოფისის ლიკვიდაციას ან რესტრუქტურიზაციას.

აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაცია ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს რადიკალურად შეამციროს ფედერალური მთავრობის მოცულობა და ხარჯები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები