„ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენზე მეტად შესტკივა ვიღაცას გული დაღუპულ გმირებზე”

„თუ მეკითხებით, მე უნდა ვყოფილიყავი თუ არა – კი, ბატონო, მე უნდა ვყოფილიყავი. უბრალოდ მოხდა ისე, რომ მინისტერიალის თარიღმა გადმოიწია“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ არ ესწრებოდა იგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ნეშტების ფრაგმენტების დაკრძალვას.
მინისტრმა ოპონენტებს მოუწოდა, თემით სპეკულირებას თავი დაანებონ.
“მე ძალიან გთხოვთ, რომ ამ თემით პოლიტიკურ სპეკულაციებს თავი დავანებოთ, მე მინდა ცალსახად გითხრათ, რომ თითოეული ჯარისკაცი, თითოეული გმირი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავი შესწირა, ჩვენთვის ძვირფასია. ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენზე მეტად შესტკივა ვიღაცას გული მათზე. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, მათ ოჯახებს, მაგრამ ეს არ არის აფიშირების საგანი, რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებას, ამ ღონისძიების ფორმატი მშობლების, სასულიერო პირების და სამხედროების მონაწილეობით შემუშავდა. ეს ღონისძიება ითვალისწინებდა პანაშვიდის გადახდას, თუმცა, თუ მეკითხებით, მე უნდა ვყოფილიყავი თუ არა – კი, ბატონო, მე უნდა ვყოფილიყავი, უბრალოდ მოხდა ისე, რომ მინისტერიალის თარიღმა გადმოიწია, მინისტერიალი დაინიშნა 2 აპრილს ჩვენი კოლეგების თხოვნით, აქედან გამომდინარე, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე დასწრება, თუმცა სამინისტრო ღირსეულად იყო წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე მოადგილის სახით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის სახით და ჩვენთვის არ არსებობს ერთი რომელიმე ფაქტი, ან შემთხვევა ჩვენი გმირების პატივისცემის საკითხში – ეს ჩვენ ვალდებულებად, ყოველდღიურ საქმიანობად მიგვაჩნია“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები