უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გერმანელ ჟურნალისტს შეხვდა
2015 წლის 1 აპრილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გერმანული გამოცემის KAUKASISHE POST-ის რედაქტორსა და ჟურნალისტს რაინერ კაუფმანს შეხვდა. ჟურნალისტი უკვე 25 წელია საქართველოში ცხოვრობს და აქტიურად არის ჩართული საქართველოში მცხოვრები გერმანული სათვისტომოს საქმიანობაში.
გერმანელი ჟურნალისტი რაინერ კაუფმანი ქართული მართლმსაჯულების განვითარების 20-წლიან პერიოდსაც აქტიურად ადევნებდა თვალს და ინტერვიუებიც აქვს ჩაწერილი ყოფილ თავმჯდომარეებთან. მისი პირველი შეკითხვაც ნინო გვენეტაძის ბიოგრაფიის გაცნობით დაიწყო. „მე ვიყავი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე შევარდნაძის ეპოქაში და მოსამართლის ის ფიცი, რომელიც დავდე 1999 წელს, არასოდეს შემიბღალავს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რანგშიც ჩემი მთავარი სტანდარტი იქნება – კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა, მოსამართლის მაღალი ეთიკური სტანდარტის დამკვიდრება.“ კაუფმანი იმ ცვლილებებით დაინტერესდა, რომლის გატარებასაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესში აპირებს. „პირად და საქმიან ურთიერთობებში ჩემ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი იქნება დაფუძნებული მაღალ ეთიკურ სტანდარტზე. რეფორმის განხორციელებას ვგეგმავ რამდენიმე მიმართულებით. “დღეს არსებული სამოსამართლეო კადრების პროფესიონალიზმის ამაღლება, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სტანდარტის დამკვიდრება, რაც უზრუნველყოფს მათ მიერ დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანას. ასევე, მოვითხოვ მოსამართლეებისგან საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების სახით თვითშეფასებისა და თვითკონტროლის ინიციატივებს. იმავდროულად, მე ვიქნები ყველა მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დამცველი, თუ მათზე იქნება სახელისუფლო შტოებისგან, ან ნებისმიერი პირისგან ზეწოლის მცდელობა. ასევე, კანონის ფარგლებში ეფექტურად ამოქმედდება დისციპლინური სამართალწარმოება,“-განაცხადა გვენეტაძემ.