თამთა მეგრელიშვილი: მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას შეხვდა – თუ ხელისუფლების მიმართ “არაღიარების პოლიტიკა“ მოქმედებს, რატომ ხვდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ
„სანქციები პოლიტიკური შურისძიების ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც ქართული ოპოზიცია მოქმედი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ ითხოვს, მაგრამ რეალურად არცერთი სანქცია პოლიტიკურად არ მუშაობს”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც იტალიაში თბილისის მერის, კახა კალაძის ვიზიტს ეხმიანება.
მეგრელიშვილის თქმით, „თუ ხელისუფლების მიმართ “არაღიარების პოლიტიკა“ მოქმედებს, რატომ ხვდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ და რატომ მსჯელობენ ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე?!“
„სანქციები პოლიტიკური შურისძიების ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც ქართული ოპოზიცია მოქმედი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ ითხოვს, მაგრამ რეალურად არცერთი სანქცია პოლიტიკურად არ მუშაობს!
ყველა დონეზე ხდება მოქმედი
ხელისუფლების აღიარება და მეტიც, ყველა, ქართულ სახელმწიფოსთან დაახლოებასა და ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებისათვის, მისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ფიქრობს.
მაგალითად იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, დღეს, ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა.
გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე.
ორივე მხარე თანხმდება, რომ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი რესურსი არსებობს, მათ შორის: კულტურის, ტურიზმის, გამწვანება-ურბანული დაგეგმარების, ნარჩენების მართვის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებით და ამ შესაძლებლობებს ორივე მხარე გამოიყენებს.
ამ ფონზე ვსვამ კითხვას – გთხოვთ მაჩვენეთ დაწესებული სანქცია, რომელმაც იმუშავა და მიპასუხეთ თუ ხელისუფლების მიმართ “არაღიარების პოლიტიკა “მოქმედებს რატომ ხვდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ და რატომ მსჯელობენ ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე?!“-წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქზე.