უჩა ნანუაშვილი: პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს

2014 წელს სახალხო დამცველის ოფისს განცხადებით 700-მდე პირმა მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველმა საკუთარ წლიურ ანგარიშში განათავსა. როგორც უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, პატიმართა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ ათასობით საჩივარი კვლავ გამოძიების რეჟიმშია. მისი თქმით, ერთეული საქმეების გარდა, ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე შედეგი არ დამდგარა.
„კვლავ მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა სახალხო დამცველის ოფისში. 2014 წელს 7 ათასამდე განცხადება იქნა დასაშვებად მიჩნეული, რაც საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელია და ოფისისადმი გაზრდილ მოლოდინებზე მეტყველებს, დარღვეული უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქვეყანაში თავისუფალი გარემოს არსებობაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის სექტემბერში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელების შემდეგ პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოვლენილი პოლიტიკური ნებისა და გატარებული რეფორმების წყალობით, პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი კვლავ გამოძიების რეჟიმშია და ერთეული საქმეების გარდა, შედეგი ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე არ დამდგარა“, – აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.
სახალხო დამცველმა წლიური ანგარიშის დოკუმენტში ყურადღება გაამახვილა სასამართლო რეფორმაზეც. უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი. მისივე თქმით, სახალხო დამცველმა მოსამართლეების დისციპლინარული დევნის შესახებ განცხადებით იუსტიციის საბჭოს არაერთხელ მიმართა, თუმცა უწყებამ მას „შაბლონური“ პასუხი გასცა.
„მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით განხორციელებული ინსტიტუციონალური რეფორმა, სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი. წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც იკვეთებოდა საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა წინადადების განხილვისას შემოიფარგლა შაბლონური პასუხით, რომ მოსამართლეების მხრიდან არ დასტურდებოდა შესაბამისი გადაცდომები“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები