„ეკონომიკის სამინისტროს დუბლირება აბსოლუტურად მცდარი გადაწყვეტილებაა“

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას გამოეხმაურა. დემურ გიორხელიძემ გიორგი მარგველაშვილის შენიშვნების ნაწილი გაიზიარა.
მისი მოსაზრებით, პრეზიდენტის მთელი რიგი შენიშვნები სამართლიანი და ზუსტი იყო. ექსპერტი პრეზიდენტის პოზიციას ინსტიტუტების დუბლირების შესახებ სრულად ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგია და ეკონომიკური პოლიტიკის გენერაცია არა საბჭოში, არამედ ეკონომიკის სამინისტროში უნდა ხდებოდეს.
„მმართველობა ინსტიტუტების გარეთ არის გატანილი. არსებობს დუბლირების მაგალითებიც. გაურკვეველია პრემიერთან არსებული საბჭოს ფუნქციები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკონსულტაციო საბჭო ამ სამინისტროში არ უნდა იყოს, ან არ შეიძლება, რომ პრემიერთან იყოს, მაგრამ აქ მთავარი ფუნქციებია. ისეთი სამინისტროს დუბლირება, როგორიც არის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, აბსოლუტურად მცდარი გადაწყვეტილებაა. ქვეყნის განვითარების სტრატეგია, გენერაცია ეკონომიკური პოლიტიკისა და ასე შემდეგ სწორედ ამ სამინისტროში უნდა ხდებოდეს. ჩანს, რომ ეს სამინისტრო არ არის ბოლომდე თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, რომ გავლენა მოახდინოს მოვლენებზე. ამიტომ მივიჩნევ, რომ პრეზიდენტის შენიშვნა საბჭოს მიმართ, სამართლიანია. მე მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო გიორგი კვირიკაშვილს, რადგან მას არც წესიერება და არც კვალიფიკაცია არ აკლია. როგორც ჩანს, არსებობს შემაფერხებელი გარემოებები, რომელიც არ აძლევს ამ სამინისტროს საშუალებას, იყოს უფრო მეტად აქტიური“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
დემურ გიორხელიძემ ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტის გამოსვლაზე დაუსწრებლობის გამო გააკრიტიკა და პრეზიდენტის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
„ეს არის შეცდომა და არასოლიდურობა. სახელმწიფო ამ მაღალი ლეგიტიმაციის ინსტიტუტის პატივისცემას მოითხოვს. თუ რაიმე პრობლემა გაქვთ ერთმანეთთან, ამისთვის დახურული არხები არსებობს და ასეთი რამ გარეთ არ უნდა იყოს გამოტანილი“,- აღნიშნა გიორხელიძემ.
მისი თქმით, როგორც პრეზიდენტი, ისე მთავრობა და პარლამენტი ვალდებულები არიან, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ჰქონდეთ. გიორხელიძის განმარტებით, სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების უმწიფარობა სახეზეა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ სახელისუფლებო შტოებს ან პირებს შორის კინკლაობა ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები