სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სატესტო სისტემა ხვალიდან ამოქმედდება

სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სატესტო სისტემა 1აპრილიდან ამოქმედდება. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მთავარი ამოსავალი წერტილი შეფასებისას ის ქონება იქნება, რომელსაც მოქალაქისთვის გარკვეული შემოსავალი მოაქვს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეფასების სისტემაში მაქსიმალურად შემცირებულია ინსტრუმენტები, როდესაც გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება სუბიექტურ ფაქტორებზე, სოციალურ აგენტს დამოუკიდებლად არ ექნება უფლება, თვითონ დანიშნოს, ან მოხსნას სოციალური დახმარება.
„სატესტო რეჟიმში ეს პროგრამა ხვალიდან დაიწყება, რომელიც პირველ ეტაპზე უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით 5 000-მდე ბენეფიციარს შეეხება. პირველ ეტაპზე ისინი გადამოწმდებიან. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებიც ახლა ერთვებიან პროგრამაში და ნაწილი იმ მოქალაქეებისა, რომლებიც აქამდე იყვნენ ჩართული პროგრამაში და გარკვეული პრობლემები არსებობდა. მთლიანად ახალი პროგრამის ჩანაცვლება ეტაპობრივად რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდება”, – განმარტა ზაზა სოფრომაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროგრამა ბავშვზე ორიენტირებული ხდება. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს დამატებითი ბენეფიტები დაემატებათ იმის მიხედვით, თუ რამდენი ბავშვი ჰყავთ ოჯახში. “როგორც “იუნისეფი” გვაძლევს რეკომენდაციას, უკიდურესად სიღარიბეში მყოფი ბავშვების რაოდენობა ახალი პროგრამის ამუშავების შემდეგ თითქმის განახევრდება”, – განაცხადა სოფრომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები