შსს-დან გათავისუფლებულ პოლიციელს, რუსლან ბაზიაშვილს დღეს დაჰკითხავენ
თბილისის პროკურატურაში შს სამინისტროდან გათავისუფლებულ პოლიციელს რუსლან ბაზიაშვილს დაჰკითხავენ, რომელიც გივი თარგამაძისთვის დაცული ინფორმაციის სისტემატურად მიწოდებაშია ბრალდებული. ბაზიაშვილი ქალაქის პროკურატურაში 12:00 საათზეა დაბარებული. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო სამსახურიდან დაითხოვა. შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა.
“შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა “დიჯიპასის” მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია”, – აცხადებენ შსს-ში.