ელგუჯა ხოკრიშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის ბიუროს შეხვედრაში მონაწილეობს
ქ. ნაირობიში, კენიის რესპუბლიკაში გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) გარემოსდაცვითი ასამბლეის (UNEA) ბიუროს შეხვედრა იმართება. ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფის წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტის რანგში ესწრება.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ამჟამინდელი საქმიანობა, 2018-2021 წლების სტრატეგიისა და 2018-2019 წლების სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის მომზადების საკითხები, ასევე, გარემოსდაცვითი ასამბლეის მეორე სესიის (UNEA-2) მაღალი დონის სეგმენტის სავარაუდო თემები, სესიის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, მათ შორის ბიუროს სტრატეგიული როლი.
გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეა წარმოადგენს გლობალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის მართვის ინოვაციურ პლატფორმას საკანონმდებლო, ფინანსური და განვითარების სფეროში, რომელიც 2014 წელს დაარსდა. გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეა მსოფლიო მნიშვნელობის გარემოსდაცვითი ორგანოა, რომელიც წარმოადგენს გარემოსდაცვით გამოწვევებს მშვიდობის, უსაფრთხოების, საფინანსო, სავაჭრო და ჯანდაცვის სფეროებში და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებას მსოფლიოში.