„სააკაშვილს უკრაინაში უკვე დასაკლავად განწირული საქონელივით უყურებენ – პოროშენკო მის მოშორებას ცდილობს“

სააკაშვილს უკრაინაში უკვე, დასაკლავად განწირული საქონელივით უყურებენ; პოროშენკო მის მოშორებას ცდილობს – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს.
“რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარი პროკურატურის უცხოელ მრჩეველთა ჯგუფმა, მთავარი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების რამდენიმეთვიანი შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ 2007-2012 წლებში საქართველოს მთავრობის ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო სამთავრობო ინსტიტუტების გამოყენებით ბადრი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის კუთვილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევისაკენ, ასევე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შესწავლით, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ძალის გამოყენება მოხდა. აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდაჭერისთვის და სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის“,- წერს “კვირის ქრონიკა“.
გამოცემის ინფორმაციით, პროკურატურის უცხოელ მრჩეველთა ჯგუფის ამ დასკვნას უკრაინის სახელისუფლებო წრებში დიდი რეზონანსი მოჰყვა, ვიდრე საქართველოში.
“ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების გარკვეული წრეები არათუ დაინტერესებულნი არ არიან სააკაშვილისა და მისი კრიმინალური რეჟიმის გასამართლებით, ბევრს აკეთებენ იმ ბრალდებების ჩასაფარცხავად, რაც შიშსა და მისი გუნდის წევრების მისამართით გაჟღერდება ხოლმე“,-წერს გამოცემა.
“კვირის ქრონიკის“ მტკიცებით, უკრაინის სახელისუფლებო წრეებში ლაპარაკობენ, რომ ეს დასკვნა, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის განაჩენია.
„მიხეილ სააკაშვილს ყველა სხვა თვალით უყურებს – როგორც დასაკლავად განწირულ საქონელს. უკრაინის სახელისუფლებო წრეებში ლაპარაკობენ, რომ ეს დასკვნა, ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის განაჩენია და მას, ადრე თუ გვიან მოუწევს საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. ამის შესახებ პოროშენკოს მთავრობაც ლაპარაკობს. უკრაინის რადას სპიკერს, ვლადიმერ გროისმანს კიდევ ერთხელ ურჩევია პოროშენკოსთვის, – დროზე გაუშვი სააკაშვილი და მისი ხალხი სახლში, თორემ ძალინ მძიმე დღეში აღმოვჩნდებით, მალე სააკაშვილს ინტერპოლი დაუწყებს ძებნას და ნამეტანი უხერხული იქნება, ინტერპოლის ძებნილი უკრაინის მთავარი რეფორმატორი და ქვეყნის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი იყოს, ამას უკრაინელები არ გვაპატიებენ, ხალხმა იმიტომ არ დაღვარა სისხლი, რომ უკრაინა საეჭვო წარსულის მქონე ქართველებმა მართონო“,- წერს გამოცემა.
გაზეთის ცნობითვე, პოროშენკოს გადაუწყვეტია, ამერიკისა და ევროკავშირის იმ გავლენიან პოლიტიკოსებს შეხვდეს, ვისთან შეთანხმებითაც სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა გადაწყვიტა თუ გადააწყვეტინეს და ისევ მათთან შეთანხმებით, მიშა უკრაინიდან მოიშოროს.
გამოცემა ასევე წერს, რომ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსისთვის გადაუცია ხარჯთაღრიცხვა იმ მოთხოვნილებებისა, რაც მას, როგორც პრეზიდენტის მრჩეველს, ნორმალური მუშაობისთვის სჭირდება. სააკაშვილს არც მეტი, არც ნაკლები მისთვის უკვე გამოყოფილი ხარჯების 700%-ით გაზრდა მოუთხოვია.
„პოროშენკოს საკაშვილის მიერ გამოგზავნილი ეს არზა სულ ნაკუწ-ნაკუწ უქცევია, ცხადია, სააკაშვილისთვის ხარჯები არ გაუზრდია, ერთი გრივნაც კი არ მოუმატებია და ძალიან გაბრაზებულა, მაგას თავი ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ხომ არ ჰგონია, ჩვენ „ქამრების შემოჭერისა“ და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოგვიწოდებს, თავისთვის კი მოინდომა დალხენილი ცხოვრებაო. პოროშენკო განსაკუთრებით იმას გაუბრაზებია, რომ სააკაშვილის გარდა, მის არც ერთ უცხოეულ მრჩეველს აზრადაც არ მოსვლია სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზეზით ხარჯების გაზრდის მოთხოვნა და რაც დახვდათ, იმ პირობებში მუშაობენ“,- წერს გაზეთი.
გამოცემის ცნობითვე, ამ ამბავს გროისმანის ყურამდეც მიუღწევია “მას პოროშენკოსთვის არცთუ ვიწრო თათბირზე უთქვამს, ხომ გითხარი, სააკაშვილს ფეხებზე ჰკიდია უკრაინა და აქ მხოლოდ საკუთარი პერსონის რეაბილიტაციას ცდილობს, ეს უნამუსო ადამიანია, უკრაინა რუსეთთან ომშია ჩაბმული, უამრავი დევნილი გვყავს, ისინი ვერ დაგვიბინავებია და დაგვიპურებია, უცხოეთის ქვეყნები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები სამოწყალოდ გვეხმარებიან, სააკაშვილი კი ამ დროს საკუთარ კომფორტზე ფიქრობსო“,- წერს “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები