გივი თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ იოსებ ქადაგიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გივი თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. იოსებ ქადაგიშვილის ადვოკატის მერაბ ჭიკაიძის განცხადებით, მოსარჩელე იოსებ ქადაგიშვილი მოპასუხე გივი თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილისაგან, სასამართლოს გზით მოითხოვს მათ მიერ გავრცელებული ყალბი და არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაციის საჯარო წესით უარყოფას.
ქადაგიშვილი, ასევე, მორალური ზიანის კომპენსაციის მიზნით, სიმბოლურად, თითოეული მათგანისგან 1 ლარის გადახდას ითხოვს.
”დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც დაავალდებულებს გივი თარგამაძესა და ირმა ნადირაშვილს იმავე საშუალებებითა და მეთოდებით (ბრიფინგის მოწყობა და მედიაში გაშუქება) უარყონ ცილიმწამებლური განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს იოსებ ქადაგიშვილი დანაშაულებრივი კლანის წევრია და ის, თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით, უკანონოდ ანიჭებდა უპირატესობას კონკრეტულ კერძო კომპანიას”, – განაცხადა ქადაგიშვილის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ იოსებ ქადაგიშვილის მიმართ ბრალდებები 5 თებერვალს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა – ირმა ნადირაშვილმა და გივი თარგამაძემ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნეპოტიზმისა და უფლებამოსილებების გადამეტების თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. კომპანია ”სერპანტინის” დირექტორმა კი (რომლის მფარველობაშიც ბრალმდებლები იოსებ ქადაგიშვილს ადანაშაულებდნენ) განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან არანაირი განსაკუთრებული მხარდაჭერა არ აქვს. მის თქმით – უფრო მეტიც, წინა ხელისუფლების დროს გაცილებით მეტი ტენდერი აქვს მოგებული და ”ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების დროს ფინანსურ დახმარებასაც უწევდა.