გიორგი სიგუა: უნდა ვიყოჩაღოთ და ავიაკომპანია „ვიზეარს“ საქართველოში ბაზა გავახსნევინოთ

„ძალიან ცუდი ამბავი, კარგად შემობრუნების პერსპექტივით“, – ასე ეხმაურება ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ავიაკომპანია “ვიზეარის” უკრაინაში წარმომადგენლობის დახურვის ფაქტს. სიგუას მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც უნგრული კომპანია „ვიზეარი“ კიევის მიმართულებით ფრენებს აღარ განახორციელებს, საქართველო 30-35 ათას უკრაინელ ტურისტს დაკარგავს. გიორგი სიგუა ხელისუფლებას სთავაზობს, რომ ეს ფაქტი ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იქნეს გამოყენებული.
„დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარი” 20 აპრილიდან თავის უკრაინულ კომპანიას “ვიზეარ უკრაინას” აუქმებს. ეს ჩვენთვის, პირველ რიგში, ქუთაისი -კიევის რეისის გაუექმებას ნიშნავს, რაც რიცხვებში, 30-35 ათასი უკრაინელი ტურისტის დაკარგვაა. კოპიტნარის აეროპორტისთვის კი მგზავრთნაკადის და, შესაბამისად, დატვირთვის მესამედით შემცირებას (ისედაც შემცირებულია) მოასწავებს. დაბალბიუჯეტიანი ავიარეისები ტურიზმის სერიოზული სტიმულატორია. არაფერი რომ არ ვთქვა თანამშრომელთა შესაძლო შემცირებაზე დავით აღმაშენებლის აეროპორტში. იყო დრო, “ვიზეარი” 7 ქალაქიდან ეზიდებოდა ქუთაისისკენ ტურისტებს, ახლა კი რჩება ოთხი (ვარშავა, კატოვიცე, ბუდაპეშტი და ვილნიუსი), თუმცა ამ არასასიამოვნო ფაქტის სასიკეთო კალაპოტში გადაყვანა შეიძლება. ის, რომ სადღაც იხურება ავიაკომპანია, ნიშნავს იმას, რომ მისი ფლოტი უნდა გადაეწყოს სხვა პლატფორმაზე და დაიტვირთოს სხვა მიმართულებებით.
კოპიტნარს აქვს სრული პოტენციალი, უზრუნველყოს ეს და იყოს “ვიზეარ ჯორჯიას” საბაზისო აეროპორტი, რისი სურვილიც “ვიზეარს” კარგა ხანია აქვს და ამის შესახებ შესაბამის სტრუქტურებთან მოლაპრაკებებს აწარმოებს. გონივრულად გაანგარიშებული სამოსაკრებლო ტარიფები, გადასახადები და ხელსაყრელი პირობები დიდი ალბათობით “ვიზეარისთვის” მომხიბვლელი უნდა აღმოჩნდეს და ქუთაისში ბაზაც უნდა დააარსოს. ახლა უნდა ვიყოჩაღოთ და ამ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას საქართველოში ბაზა გავახსნევინოთ, რათა უკრაინიდან “წამოყვანილი” თვითმფრინავები ჩვენთან “დააპარკინგოს” და ფრენები ახალი მიმართულებებით დაიწყოს. თუ ბაზის არარსებობის პირობებში “ვიზეარი” ახერხებდა ქუთაისში 7 ქალაქიდან ეფრინა, ასეთის დაფუძნების შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება 15-20 მიმათულება გამოჩნდეს კოპიტნარის ტაბლოზე. საჭიროა მოხერხება, დაინტერესება და თავის მობმა, რაც, დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მოხდება და ქუთაისის აეროპორტში იმდენი სამუშაო ექნებათ, რომ შემცირების ნაცვლად ახალი შტატების დამატება მოუწევთ“, – წერს გიორგი სიგუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ 20 აპრილიდან კიევი-ქუთაისისა და ქუთაისი-კიევის რეისებს აღარ განახორციელებს. იმ მომხმარებლებს კი, რომელთაც უკვე შეიძინეს ბილეთები, კომპანია მათ გადახდილ თანხას უკან დაუბრუნებს – ამის შესახებ კომპანიის ოფიციალური გვერდი იტყობინება. ფრენების გაუქმების მიზეზი უკრაინაში „ვიზეარის“ წარმომადგენლობის დახურვაა. რეისები გაუქმდება კიევიდან ბარსელონას, ვალენსიას, მოსკოვის, მილანის, ნეაპოლის და ვენეციის მიმართულებითაც. თუმცა, „ვიზეარი“ფრენების შესრულებას გააგრძელებს ბუდაპეშტის, ლონდონის, კიოლნის, დორტმუნდის, ჰამბურგის, მიუნხენის, კატოვიცესა და ლარნაკას მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები