ირმა ინაშვილი IRI- ის კვლევას უნდობლობას უცხადებს – „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი რეალურად 6-7%-ს არ აღემატება

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი IRI- ის კვლევის შედეგებს ეხმაურება. ირმა ინაშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ კვლევის შედეგები 21 მარტის „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის შემდეგ გამოაქვეყნა. ირმა ინაშვილის განცხადებით, IRI ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მისი თქმით, კვლევის შედეგებით ცდილობენ, რომ საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს „ნაცმოძრაობა“კვლავ ცოცხალია.
„მინდა ყურადღება მიაქციოთ ერთ მომენტს: IRI- ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა მაინცდამაინც 21 მარტის აქციის შემდეგ, როცა ყველა ექსპერტმა (მათ შორის, მიშისტებმაც) ერთხმად აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ დასრულდა. კვლევა ცდილობს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მოტყუებას და იმაში დარწმუნებას, რომ „ნაცმოძრაობა“ კვლავ ცოცხალია და მას გამოკითხულ რეპონდენტთა მთელი 14%-ი უჭერს მხარს, რაც, ცხადია, ტყუილია. „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი რეალურად 6-7%-ს არ აღემატება. მეორე – შედეგები იმდენად აბსურდულია, რიგით მოქალაქეს უჩნდება კითხვა: სად, რომელ პლანეტაზე ჩაატარეს ეს გამოკითხვა? რა ტიპის საზოგადოებაა გამოკითხული? პასუხი მარტივია: კვლევა ჩაატარა გოჩა ცქიტიშვილის კომპანიამ, ხოლო შედეგები შეაჯამა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა – IRI-მ. ცქიტიშვილის რესპონდენტთა ბაზა ან საერთოდ არ არსებობს, ან არსებობს და მხოლოდ პოლიტიკურად და ფინანსურად ანგაჟირებულია, ისევე, როგორც თავად ბატონი ცქიტიშვილი, ამიტომ… ვსვამ მორიგ კითხვას: საქართველოში ოდესმე უნდა დამთავრდეს თუ არა გოჩა ცქიტიშვილობა, როგორც მანკიერი ფენომენი? და რატომ ჰგონიათ ამ კვლევით ორგანიზაციებს, რომ 10-15 წლის მანძილზე ცრუ, ყალბი შედეგების გამოქვეყენება (პოლიტიკურ პროცესებზე მიზანმიმართული ზემოქმედების მიზნით) არაა სისხლის სამართლის დანაშაული? მესამე – კახელმა მიტუამაც აღმოაჩინა, რომ „ნაცმოძრაობის“ გაცოცხლების გარდა, კვლევამ (ხალხის რეალური განწყობის საწინააღმდეგოდ) სხვა პოლიტიკური ჯგუფებისა და ლიდერების გაცოცხლებაც სცადა, რომლებსაც მე არ დავასახელებ, უჩემოდაც ხვდებით. რატომ აქვთ ასეთი დაბალი წარმოდგენა ქართველი ხალხის ინტერესზე, ეს მიკვირს“, – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები