საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს

საფრანგეთის ალპებში გუშინ მომხდარ ავიაკატასტროფას საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება. სალუქვაძე საეჭვო გარემოებების შესახებ წერს და ავიაკომპანიების მისამართით რიტორიკულ კითხვას სვამს – რატომ ვერ ახერხებენ მსხვილი ავიაკომპანიებიც კი, რომ ოდნავი ეჭვის შემთხვევაში შეცვალონ საფრენი აპარატი, გაიღონ ხარჯები და სხვა რეისებზე გადასვან ხალხი.
“კიდევ ერთი მასშტაბური საავიაციო კატასტროფა. A320, ბარსელონა – დიუსელდორფი, საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდა.
მიზეზებზე საუბარი ნაადრევია „შავი ყუთების“ გაშიფრვამდე. თუმცა, კითხვები არსებობს.
ყველაზე მთავარი კითხვაა: რატომ შეყოვნდა რეისი დაახლოებით 1 საათით?
როგორც წესი, როცა ასეთი მიზეზი უცნობია (ანუ არ იყო არც ამინდის, არც სხვა პრობლემები), საქმე გვაქვს ტექნიკურ პრობლემებთან.
ფაქტია, დღეს ავიაკომპანიების მფრინავებმა A320-ით ფრენაზე უარი განაცხადეს. მფრინავებისგან ტექნიკურ პრობლემებს ხომ ვერ დამალავთ? მფრინავს შეიძლება უბრძანო გაფრინდეს, მაგრამ ვერ მოატყუებ.
კატასტროფის წინა დღეს თვითმფრინავს ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდა არა ბოინგის, არამედ ავიაკომპანიის სპეციალისტების მიერ. ეს კითხვაც პასუხს მოითხოვს.
მოკლედ, ხალხის გადაზიდვების ბიზნესი ჰაერით იქნება, ხმელეთით თუ ზღვით, ყოველთვის იქნება დაკავშირებული სიცოცხლის რისკებთან. ბიზნესმენები, ეკონომიაზე არიან ორიენტირებულები. რეისის გადადება, დაჯდომის წინ ზედმეტი წრის გაკეთება და სხვა დანახარჯები უფრო მტკივნეულია მათთვის ფინანსურად, ვიდრე კატასტროფა. თვითმფრინავი და მგზავრები დაზღვეულები არიან და იკითხონ მათ, ვინც კატასტროფებს ეწირება.
1006093_1078519218830734_2782460101737600691_nრაც შეეხება კატასტროფის დანარჩენ დეტალებს: როგორც ამბობენ, უამინდობის გამო თვითმფრინავმა აკრიფა სიმაღლე – 12 ათასი მეტრი, რაც ამ ტიპის თვითმფრინავის ფრენის პრაქტიკული სიმაღლეა (11 900მ). კატასტროფამდე 8 წუთით ადრე ბორტმა დაიწყო მკვეთრი პიკირება. პიკირების მიზეზები უცნობია. შესაძლოა, მოხდა ჰერმეტულობის დარღვევა, ან პლანერის გამყინვარება. ამ ტიპის ბორტზე ადგილი ჰქონია აკუმულატორების აალებასაც. ფაქტი ერთია, რომ პილოტებს არ გაუგზავნიათ კოდ-სიგნალი ტექნიკური პრობლემის ტიპის შესახებ. რატომ ვერ შეძლეს გამოცდილმა მფრინავებმა 8 წუთის განმავლობაში დისპეტჩერებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რისთვისაც წამია საკმარისი. ე.წ. შავი ყუთების გაშიფრვა დაადგენს, რომელთაგან ერთი უკვე ნაპოვნია.
როგორც წერენ, ბორტს საკმაოდ გამოცდილი მფრინავები მართავდნენ: 10 წელზე მეტი სტაჟი და 6 ათას საათამდე ნაფრენი ჰქონდათ აღნიშნული ტიპის თვითმფრინავებზე.
დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. დასკვნები დარგის ექსპერტებმა და შესაბამისმა საერთაშორის საავიაციო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნდა გააკეთონ. მე მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები და ექსპერტთა მიერ დასმული კითხვები გავაერთიანე.
მიუხედავად ყველაფრისა, სტატისტიკის თანახმად, თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია.
ძალიან სამწუხარო შემთხვევაა. ვუთანაგრძნობ ესპანელებს, გერმანელებს, ფრანგებს და ყველას, რომელთა მოქალაქეებიც დაიღუპნენ კატასტროფისას.
P.S. რატომ ვერ ახერხებენ მსხვილი კომპანიებიც კი, რომ ოდნავი ეჭვის შემთხვევაში შეცვალონ საფრენი აპარატი, გაიღონ ხარჯები და სხვა რეისებზე გადასვან ხალხი? ფული, ფული, ფული… ეს ზოგადად, თორემ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, კატასტროფის მიზეზი სულ სხვა რამ იყოს და არანაირ კავშირში არ აღმოჩნდეს რეისის შეყოვნებასთან ან კომპანიის მფრინავების სხვა ეჭვებთან“, – წერს ამირან სალუქვაძე.

ცნობისთვის, საფრანგეთში გუშინ მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება დაიწყო. ე.წ შავ ყუთში არსებული მონაცემები შესაძლოა, დაეხმაროს გამომძიებლებს ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენაში. მაშველები სამუშაოებს მაღალმთიან რაიონში აწარმოებენ, საიდანაც უახლოეს გზამდე 15 კილომეტრია, მოდის წვიმა და თოვლი. სამუშაოებში ჩართულია 600 ადამიანი, 2 თვითმფრინავი და 15 ვერტმფრენი. გერმანული ავიაკომპანია „ჯერმანვინგის“ თვითმფრინავის ნამსხვრევები მისი დაცემის ადგილიდან 600 მეტრშია მიმოფანტული. „ჩვენთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტი სხეულის ფრაგმენტი აღმოვაჩინოთ, რომ სამშობლოში გადავასვენოთ“, – განაცხადა საფრანგეთის შსს-ს წარმომადგენელმა პიერ ანრი ბრანდკემ. ამ ეტაპზე ავიაკატასტროფის რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის სალონის ჰერმეტულობის დარღვევა და ტექნიკური პრობლემები A-320-ის თვითმფრინავის ბორტზე 144 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია 142 მგზავრის შესახებ. ავიალაინერი ბარსელონადან დიუსელდორფში მიფრინავდა. ცნობილია, რომ თვითმფრინავში გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები