ნიკოლოზ მჟავანაძე: რა ვქნათ, კოცონზე ხომ არ დავწვათ ხოფერია და გრიგოლია?

„უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე დღეს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტ ეკა ხოფერიასა და ინგა გრიგოლიას მიერ დაფიქსირებულ პოზიციას ეხებოდა, გაკვირვებას გამოთქვამს.
“ტელეკომპანია ,,იმედის’’ განცხადება სიტყვისა, აზრის და გამოხატვის ხელყოფად უნდა შეფასდეს. ნებისმიერ ადამიანს, მით უმეტეს, ჟურნალისტს აქვს უფლება თავისი პოზიცია დააფიქსიროს ყველა საკითხთან დაკავშირებით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ,,იმედმა’’ გავრცელებული განცხადება ხელისუფლების საამებლად გააკეთა, რაც მის სამომავლო რეიტინგზე ნამდვილად ვერ იქონიებს კარგ გავლენას. გადაცემებმა: ,,რეაქციამ’’ და ,,კვირის ქრონიკამ’’ იმიტომ მოიპოვეს საკმაოდ დიდი რეიტინგი, რომ თითოეულ გადაცემაში არის წარმოდგენილი დაპირისპირებული მხარეები, კეთდება როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციური სპექტრის საკმაოდ მკვეთრი შეფასებები.
ნაცმედიისგან განსხვავებით, არასდროს ცალ კარში თამაში არ ხდება და ყოველთვის გადაცემაში ორივე მხარე მონაწილეობს, და როდესაც ხელისფლება რაღაც აბსურდული მიზეზის გამო არ მიდის გადაცემაში, ეს არა მარტო ჟურნალისტების, არამედ მაყურებლის გულისწყრომასაც იწვევს. ,,იმედის’’ განცხადების პათოსი ძალიან ჰგავს კომუნისტური ეპოქის პოლიტბიუროს მიერ გამოცემულ დადგენილებას, სადაც პარტიის მოწინააღმდეგეები ხალხის მტრებად ცხადდებოდნენ. რა ვქნათ, კოცონზე ხომ არ დავწვათ ხოფერია და გრიგოლია, თუ ხალხის მტრებად გამოვაცხადოთ? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ განცხადების შემდგომ, თითოეული „იმედის“ წამყვანი და ჟურნალისტი „იმედის“ ხელმძღვანელობასთან გარკვეულ ინსტრუქციებს გაივლის, რათა ეთერში რამე ისეთი არ თქვან, ვინმე არ გაგვინაწყენდესო’’ ,- წერს მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები