პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა პარლამენტს უკვე წარედგინა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაზე, სახელისუფლო შტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწვევის თაობაზე პარლამენტს უკვე წარედგინა.
„მოგახსენებთ, რომ ა.წ. 31 მარტს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. გთხოვთ, ხსენებულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოიწვიოთ საქართველოს მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები, ასევე ოფიციალური და საპატიო სტუმრები, რომლებიც ტრადიციულად ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას“, – აღნიშნულია პარლამენტის სახელზე დაწერილი ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა 31 მარტისთვის არის დაგეგმილი.