“ამჟამად მოსმენებს ვანო მერაბიშვილის კადრები აკონტროლებენ“

ამჟამად საიდუმლო ქსელებსა და მოსმენებს ვანო მერაბიშვილის კადრები აკონტროლებენ, – ამის შესახებ უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში საუბრობს. ხაბურძანია შსს-დან, დაცული ინფორმაციის გატანისთვის რუსლან ბაზიაშვილის გათავისუფლების ფაქტსაც აფასებს და აცხადებს, რომ გივი თარგამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური აგენტურა ჰყავს. „მოდით, გეტყვით, ჩემს დროს როგორ ხდებოდა ოპერატიული ინფორმაციის მიღება და შემდეგ შევადაროთ, ახლა რა ხდება: მაშინ ე.წ. სამორიგეოში მოდიოდა ტელეფონოგრამა, რეკავდნენ ოპერატიული კავშირით, ამას ბეჭდავდნენ საბეჭდ მანქანაზე, ლამის ქაღალდს რომ ხვრეტდა და ამის მერე მოჰქონდათ ჩემთან. როცა მინისტრად დავინიშნე, ჩემი პირადი კომპიუტერი მივიტანე, ვახტანგ ქუთათელაძისგან დამხვდა ძალიან ძველი კომპიუტერი. ჩემი და ეს ძველი ერთმანეთთან დავაკავშირე ქსელით, დავდგი სამორიგეოში და თანამშრომლებს ავუხსენი, რომ შეეძლოთ, იქვე აეკრიფათ ტექსტი, დაეჭირათ ხელი კლავიატურაზე და გამოეგზავნათ.
პირველი ინფორმაცია რომ მივიღე, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მერე გაკეთდა მეორე ქსელი, შეიქმნა აგენტების ბაზა, მქონდა ჩემი პაროლი, შევდიოდი და ვიღებდი ინფორმაციას, ყველა დახურულ ქსელში ასე ხდება. საპატრულო პოლიციის თითქმის ყველა თანამშრომელს აქვს რაღაც ინფორმაციაზე წვდომა, მაგრამ, როგორც ვხედავ, ვინმე ბაზიაშვილმა სხვა საინფორმაციო ქსელში შეაღწია და იქიდან ამოიღო ინფორმაცია ვიღაცის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით. ეტყობა, გივი თარგამაძემ ამ ადამიანს დაავალა, ესეც შევიდა სპეციალურად, საიდანღაც მოიპოვა პაროლი, წესით, პაროლი ყოველდღიურად უნდა იცვლებოდეს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. აქ იკვეთება ერთი რამ – გივი თარგამაძეს ჰყავს სპეციალური აგენტურა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელთა წევრებსაც, ალბათ, უხდის ფულს.
წარმოუდგენელია, ვინმემ ასეთი რაღაცები ფულის გარეშე აკეთოს, 1000-ლარიან ხელფასს არავინ დაკარგავს იდეური მოსაზრებების გამო. „ნაციონალების“ იდეოლოგია არის ერთადერთი – დასაჯე, მოსპე, მოკალი, გაანადგურე, ნულოვანი ტოლერანტობა. ასეთი აგენტურა „ნაციონალებს“ ყველგან ჰყავთ, ყველა უწყებაში, ამას სჭირდება გამოვლენა. როდესაც ნდობის ჯგუფის წევრი ეწევა ასეთ საქმიანობას, ვფიქრობ, ამას კრიმინალის სუნი ასდის, აქ სულ სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი, მისთვის შეიძლება გახდეს ცნობილი ინფორმაცია, რომელიც განიხილებოდა რომელიმე კომიტეტში, ან გადასცა რომელიმე მოქალაქემ. აქ საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ აგენტურულ ქსელთან“, – განაცხადა ხაბურძანიამ „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები