ლინჩის წესით გასამართლების ფაქტები საქართველოში – “ქალური ლინჩი”

გაზეთი „კვირის პალიტრა“ მკითხველს, საქართველოს სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა დროს ლინჩის წესით გასამართლების ფაქტებს სთავაზობს. „1996 წლის ივლისში კასპის რაიონის სოფელ დოესში ლინჩის წესით გაასამართლეს ადამიანი, რომლის უდანაშაულობა მოგვიანებით სასამართლომ დაამტკიცა. ბრბოს სამიზნე ამჯერად აფხაზეთის ომის მონაწილე ბეგლარ ბეგლარიშვილი გახდა. ჩემი ძმა ომის დამთავრების შემდეგ სოფელში დაბრუნდა, საქმიანობდა და ინახავდა ცოლ-შვილს. 30 ივნისს ბეგლარი პოლიციამ დააკავა – 15 წლის გოგონას გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს. მეორე დღეს სოფელი პოლიციაში შეიჭრა და ჩემი ძმის გადაცემა მოითხოვა. დედაჩემი კასპში წავიდა და პოლიციას უთხრა, – ჩემი შვილი მაგის გამკეთებელი არ არის და სანამ რამე გაირკვევა, გადამალეთო. იმათაც, – აქ არ გვყავს, თბილისში გადავიყვანეთო (მერე აღმოჩნდა, რომ მოგვატყუეს). მერე მე სახლი გადამიწვეს. ბეგლარის სახლი ვერ დაწვეს, რადგან მეზობლის სახლი დგას ახლოს და მასაც ცეცხლი მოედებოდა. ამიტომ სოფელმა ჩემი ძმის სახლიდან გამოიტანა, თუ რამ გააჩნდა და დაწვა. სოფელი ისევ მიადგა კასპის პოლიციას – მოძალადე გადმოგვეცითო.
ბეგლარი სოფელს პოლიციის უფროსის მოადგილემ გადასცა… ცოცხალი კაცი ბოძს მიახრახნეს და დაწვეს… დედაჩემი რკინის ქალამნით დადიოდა და სამართალს დაეძებდა. უზენაესმა სასამართლომ ჩემი ძმა უდანაშაულოდ ცნო, ის გოგონა, რომელიც ვითომ გააუპატიურა, ახლა ჩემი ნათესავის ცოლია. დაიჭირეს კიდეც ჩემი ძმის გამო ვიღაცები. რამდენიმე პირს ჩემი სახლის აღდგენაც დაავალეს. თუმცა, დღემდე არაფერი გაუკეთებიათ”… “ლინჩის წესით გასამართლებაში მეტწილად მამაკაცები მონაწილეობენ, თუმცა, საქართველოს “ქალური ლინჩიც” ახსოვს და ეს 1992 წელს მოხდა. მომხდარზე რამდენიმე ვერსია არსებობს, ამიტომ ჩვენ ყველაზე გავრცელებულს დავეყრდნობით. გარდაბანში ერთი შეძლებული და უწყინარი ოჯახი ცხოვრობდა. ოჯახის უფროსს მეორე ცოლთან პატარა ბიჭი ჰყავდა, პირველთან – გოგონები, რომლებსაც ძმასა და დედინაცვალთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. არავინ იცის, რატომ, მაგრამ ერთ დღეს დიასახლისმა ქმარი მოკლა და გოგონების დახმარებით ეზოში, საპირფარეშოში ჩამარხა.
ოჯახის უფროსი საქმიანი კაცი იყო და მის გაუჩინარებას კარგა ხანს არავინ დაუეჭვებია… საბოლოოდ, პირველმა ცოლმა თავისი შვილებისგან შეიტყო, რომ მისი ყოფილი ქმარი საპირფარეშოში დამარხეს და ეს მოკლულის ნათესავებს შეატყობინა. შურისძიებამ არ დაახანა. მკვლელი ცოლი ქმრის ნათესავმა ქალებმა სახალხოდ აკაფეს ნაჯახით, გოგონები კი ჯანდარის ტბაში ჩახოცეს. სასაკ-ლაოს მხოლოდ მცირეწლოვანი ვაჟი გადაურჩა… მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დროდადრო საზოგადოება ლინჩის წესით გასამართლებას მაინც ითხოვს. 2013 წლის მარტში მე-9 კლასელი მოზარდის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა სოფელი ნარაზენი (ზუგდიდის რაიონი), რადგან გაირკვა, რომ მოზარდი მეორე და მესამეკლასელ ბიჭუნებს აუპატიურებდა. პატარები დიდხანს უმალავდნენ მშობლებს, თუმცა, ეს ამბავი მაინც გახმაურდა და სოფლის რეაქციამაც არ დააყოვნა… 2014 წლის 9 სექტემბერს სოფელ ქეშალოში ნათესავებმა ლინჩის წესით გასამართლება დაუპირეს ლომონა ალაზოვას – ქმარს გაშორებულ ქალს სხვა მამაკაცთან ურთიერთობას აბრალებდნენ. ჯერ სასტიკად სცემეს და შემდეგ ორჯერ ესროლეს. საბედნიეროდ, გადარჩა… თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე ხანუმ ჯეირანოვამ, რომელსაც სოფელმა ქმრის ღალატი დასწამა. ლამბალოში იგი ქუჩა-ქუჩა ფეხშიშველი ჩამოატარეს. სასტიკად ნაცემმა და სასოწარკვეთილმა ქალმა იცოდა, რომ საჯაროდ მოკლავდნენ, ამიტომაც თავად მოისწრაფა სიცოცხლე… „ – წერს გაზეთი „კვირის პალიტრა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები