სასამართლო როლანდ ახალაიას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქალაქო სასამართლო საპარლამენტო უმცირესობის წევრის როლანდ ახალაიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. სასამართლომ როლანდ ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამავე განცხადების თანახმად, როლანდ ახალაის საქმეზე სასამართლომ ბრალდების 15 და დაცვის 5 მოწმე, მათ შორის თავად ბრალდებული დაკითხა.
„2015 წლის 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორი, ბრალდებული როლანდ ახალაია უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. როლანდ ახალაიას ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (ორი ეპიზოდი).
საქმის მასალების თანახმად, რ. ახალაიამ საოლქო პროკურორის უფლებამოსილების განხორციელებისას, საპროცესო შეთანხმებების გაფორმების სანაცვლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე ჩასარიცხ თანხასთან ერთად, მსჯავრდებულთა ახლობლებს შ.პ.ს. ”სანის” ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა მოსთხოვა. აღნიშნული შ.პ.ს.-ს ანგარიშზე ერთ შემთხვევაში 150 000, ხოლო მეორე შემთხვევაში 60 000 ლარი ჩაირიცხა. საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებისა და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, როლანდ ახალაია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 17 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 15 და დაცვის 5 მოწმე, მათ შორის თავად ბრალდებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით“, -ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.