დავით სუჯაშვილი ლიტვის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, დავით სუჯაშვილი საქართველოში ლიტვის ელჩს, იონას პასლაუსკას შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და ლიტვის, როგორც მეგობარი ქვეყნის, მხარდაჭერაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. დავით სუჯაშვილმა და ლიტვის ელჩმა, იონას პასლაუსკასმა შეხვედრაზე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც 2015 წლის გაზაფხულზე რიგაში გაიმართება. სამიტზე საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებს განიხილავენ.
„კმაყოფილი ვარ საბჭოს მდივანთან შეხვედრით. საქართველოსა და ლიტვას შორის დიდი ხანია აქტიური და ინტენსიური ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში გვქონდეს ურთიერთგაგება და თანამშრომლობა. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. არის საკითხები, რომლებზეც შეგვიძლია რეკომენდაციები მოგცეთ და მათ გადაჭრაზე ერთობლივად ვიმუშაოთ“, – განაცხადა ლიტვის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იონას პასლაუსკასმა.
სუჯაშვილმა კი აღნიშნა, რომ ლიტვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე სტრატეგიული პარტნიორია.
„ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და საქართველოში სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ვისაუბრეთ. საქართველოს ლიტვასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები