მკვლელობა გურჯაანში – სამართალდამცველები ეჭვმიტანილს ეძებენ
გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 25 წლის ჯაბა ელიზბარაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
„კვირას“ ინფორმაციით, 20 მარტს დილის 4 საათზე სოფელ გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გია ჩუგოშვილმა ცივი იარაღით თანასოფლელი, 25 წლის ჯაბა ელიზბარაშვილი და ნოდარ ელიზბარაშვილი დაჭრა. მას მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. გია ჩუგოშვილი შემთხვევის შემდეგ მიიმალა.
ურთიერთშელაპარაკება თავდაპირველად გია ჩუგოშვილსა და ჯაბა ელიზბარაშვილს შორის მოხდა. შემთხვევას ჯაბა ელიზბარაშვილის მამა ნოდარ ელიზბარაშვილიც შეესწრო. დაჭრილი მამა-შვილი გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯაბა ელიზბარაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. რაც შეეხება გარდაცვლილის მამას, იგი ამ დრომდე საავადმყოფოშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიებას შინაგან საქმეთა კახეთის მთავარი სამმართველო აწარმოებს.